საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა ამ ეტაპზე არ გამოვლენილი,- ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფრინველის გრიპზე, ისევე როგორც სხვა დაავადებებზე, მუდმივი ზედამხედველობა და ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს.

სააგენტოს განცხადებით, ჩატარებული კვლევების შედეგად ფრინველის გრიპის ინფექცია არ დადასტურებულა. ამასთან, უწყებას ქვეყანაში რაიმე სახის ინფექციის გავრცელების შესახებ ბიზნესოპერატორებისგან შეტყობინება არ მიუღია.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ინფექციური დაავადების ეჭვის ან გამოვლენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ამის შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ აცნობოს. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებები სააგენტოსა და ბიზნესოპერატორის თანამშრომლობით ხორციელდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეფრინველეობის სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და დარგის მონიტორინგი ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.