საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე დამზადებულმა ყველმა „გრავიერამ“ TasteAtlas-ის 2025-2026 წლების მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.
გასტრონომიული პლატფორმის 37 ათასი მომხმარებლის შეფასებით, ამ ყველში იდეალურად არის დაბალანსებული სიმკვეთრე, მსუბუქი სიტკბო და მდიდარი თხილის არომატი.
TasteAtlas ინტერაქტიული გასტრონომიული გზამკვლევია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძების, სასმელებისა და რესტორნების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელთა შეფასებებისა და ექსპერტთა მოსაზრებების საფუძველზე აგროვებს.
კიკლადების კუნძულებზე დამზადებული ცნობილი ყველი, რომელსაც ადგილობრივები „გრავიერას“ უწოდებენ, მაღალი შეფასებით არა მხოლოდ გემოსა და ხარისხის, არამედ ტრადიციული რეცეპტის შენარჩუნების გამოც გამოირჩევა.
მას ძირითადად ძროხის რძისგან ამზადებენ, თუმცა ზოგჯერ მცირე რაოდენობით ცხვრის ან თხის რძესაც უმატებენ. სწორედ ეს ნაზავი აძლევს ყველს მისთვის დამახასიათებელ გემოს.
TasteAtlas ნაქსოსის გრავიერას აღწერს, როგორც მყარ და ოდნავ ცხარე ყველს, რომელსაც ერთგვაროვანი, მკვრივი, თუმცა ადვილად დასაჭრელი ტექსტურა აქვს. მის გემოში ახალი და მსუბუქად ტკბილი ნოტები იგრძნობა, არომატი კი რბილია და მიწის ტონებიც დაჰკრავს.
ყველის ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას თავად კუნძულის ბუნებრივი გარემოც ახდენს. ნაქსოსზე ძროხები არომატული ბალახებით დაფარულ საძოვრებზე იკვებებიან, რაც რძის შემადგენლობაზე და საბოლოო პროდუქტის გემოზე აისახება.
დაახლოებით ათკილოგრამიანი ყველის თავები სულ მცირე ექვსი თვის განმავლობაში უნდა დაძველდეს. ამ პერიოდში მათი გემო უფრო ინტენსიური და მდიდარი ხდება.
ტრადიციულად, ნაქსოსზე ყველს ოჯახებში ამზადებდნენ და შემდეგ მეზობლებთან სხვა პროდუქტებში ცვლიდნენ. ბევრ ოჯახში მისი წარმოების საიდუმლოებები დღემდე თაობიდან თაობას გადაეცემა.
https://euro-pulse.ru/news/syr-s-grecheskogo-ostrova-naksos-priznan-samym-vkusnym-v-mire/