Chevrolet Impala-ს ფორმის მსოფლიოში პირველი ნავი შაკილ ო’ნილს გადაეცა.

NBA-ს ლეგენდის, შაკილ ო’ნილის უჩვეულო ავტოკოლექციას კიდევ ერთი გამორჩეული სატრანსპორტო საშუალება შეემატა. ამჯერად კალათბურთელმა 1964 წლის Chevrolet Impala-ს დიზაინით შექმნილი ნავი მიიღო, რომელიც პროექტის ავტორების განცხადებით, მსოფლიოში პირველი ასეთი ეგზემპლარია.

ნავი ამერიკულმა კომპანია Effortless Motors-მა შექმნა. მისი გარეგნობა თითქმის ზუსტად იმეორებს კლასიკური Chevrolet Impala-ს ცნობილ ფორმებს, თუმცა კონსტრუქცია სრულფასოვანი სანაოსნო საშუალებაა და წყალზე გადაადგილებისთვისაა მომზადებული.

შაკილ ო’ნილმა სოციალურ ქსელში ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ახალ ნავს მეგობართან ერთად ცდის. კალათბურთელის თქმით, Effortless Motors-მა მისი მოლოდინი კიდევ ერთხელ გაამართლა. ო’ნილი კომპანიასთან წარსულშიც თანამშრომლობდა და მისთვის სპეციალურად მოდიფიცირებული რამდენიმე ავტომობილი შეუკვეთია.

შაკის კოლექციაში უკვე შედის მის ზომებზე მორგებული Chevrolet Corvette, რამდენიმე Cadillac Escalade და Tesla Cybertruck-ის სამი ეგზემპლარი. დიდი სიმაღლის გამო კალათბურთელს ავტომობილების სალონის გადაკეთება ხშირად სჭირდება, თუმცა Impala-ს ფორმის ნავი მისი კოლექციის ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო წევრად იქცა.

ავტომობილის დიზაინის მქონე ნავები სრულიად ახალი იდეა არ არის, თუმცა 1964 წლის Chevrolet Impala-ს ზუსტი სტილით შექმნილი სრულფასოვანი ნავი აქამდე არ გამოჩენილა.

www.crystalauto.ge