აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანზე დაგეგმილ თავდასხმას აუქმებს, რადგან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს.
„ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მზადყოფნაშია და მზად არის, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ იმოქმედოს ისეთი სამხედრო ძალით, სიმძლავრითა და მასშტაბით, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. მიუხედავად ამისა, ირანმა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებმა გვთხოვეს, თავდასხმა გადავდოთ, რადგან შეთანხმების ძირითადი პარამეტრები უკვე შეთანხმებულია. ეს მოიცავს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო გახსნას, ასევე ირანის ბირთვული საფრთხის დასრულებას. ამ თხოვნის საფუძველზე, მსოფლიოს მომავალი კეთილდღეობისა და წარმატებული, აყვავებული ირანის არსებობის ინტერესებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, თავდასხმა გავაუქმო, იმ პირობით, რომ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული. ისრაელის სახელმწიფოც მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას. ყველამ საქმეს მიხედეთ და ეს ბოლომდე მიიყვანეთ“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაციის განხორციელებას განიხილავდნენ.