X პლატფორმა ამკაცრებს პოლიტიკას იმ მომხმარებლების მიმართ, რომლებიც შემოქმედთა მონეტიზაციის პროგრამით ბოროტად სარგებლობენ, სხვის კონტენტს იპარავენ და ჩართულობის ხელოვნურად გაზრდას ცდილობენ.

ვირუსული კონტენტის ხელახლა გამოქვეყნება სოციალური ქსელებისთვის ახალი პრობლემა არ არის. განსაკუთრებით X-ზე, სადაც პოპულარულ პოსტებს შეუძლია მომხმარებელს მოწონებები, ახალი გამომწერები და ზოგ შემთხვევაში ფინანსური შემოსავალიც მოუტანოს. მსგავსი გამოწვევის წინაშე დგანან Instagram, Facebook და Reddit-იც, რომლებმაც უკვე დანერგეს ისეთი ტექნოლოგიები, სხვისი კონტენტის ავტორის მითითების გარეშე გამოქვეყნებას რომ აფიქსირებს.

ამჯერაც X-მაც გადადგა ნაბიჯები ამ მიმართულებით – ცოტა ხნის წინ პლატფორმას განახლებული ვიდეორედაქტორი და ვიდეოჩამწერი დაემატა, რათა ავტორებს კონტენტი უშუალოდ X-ის ინსტრუმენტებით შეექმნათ და არა სხვა წყაროებიდან.

ახლა კი Grok AI-ს უახლეს ვერსიას დუბლირებული კონტენტის აღმოჩენა წინა მოდელთან შედარებით სამჯერ უკეთ შეუძლია. თუ მომხმარებელი მოპარულ კონტენტს მხოლოდ watermark-ით, შესავლით ან სხვა მცირე ცვლილებებით გამოაქვეყნებს, რათა ის საკუთარ ნამუშევრად წარმოაჩინოს, ასეთი პოსტის მონეტიზებული ნახვებიდან მიღებული შემოსავალი ორიგინალ ავტორს გადაერიცხება.

ეს წესი ტექსტურ პოსტებზეც გავრცელდება. 

X-ის ინფორმაციით, მონიტორინგის ბოლო ციკლის განმავლობაში პლატფორმამ 1.5 მილიონი მოპარული პოსტი გამოავლინა. ახალი პოლიტიკის შედეგად, 1 მილიონ დოლარზე მეტი, რომელიც აქამდე არასწორ ავტორებს ერიცხებოდათ, ნამდვილ შემქმნელებს დაუბრუნდებათ.

გარდა ამისა, X აცხადებს, რომ მომხმარებლები, რომლებიც სისტემატურად ეცდებიან ახალი წესების გვერდის ავლას, ან ხელოვნურად გაზრდიან ჩართულობასა და გამომწერთა რაოდენობას, შემოქმედთა მონეტიზაციის პროგრამიდან მოიხსნებიან.

www.marketer.ge