27 სექტემბრიდან ავსტრიაში აიკრძალება ე.წ. „გრინვოშინგი“, პრაქტიკა, რომლის დროსაც კომპანიები საკუთარ პროდუქტს ან საქმიანობას რეალურზე უფრო ეკოლოგიურად წარმოაჩენენ.
ახალი რეგულაციის მიხედვით, მწარმოებლები სათანადო დასაბუთების გარეშე შეფუთვაზე ვეღარ გამოიყენებენ ისეთ ზოგად აღნიშვნებს, როგორებიცაა „მწვანე“, „ეკოლოგიური“ და „კლიმატნეიტრალური“. სერიოზული დარღვევის შემთხვევაში კომპანიებს შესაძლოა ჯარიმაც დაეკისროთ.
მსგავსი მარკირების გამოყენება მხოლოდ მაშინ იქნება ნებადართული, როდესაც პროდუქტი მკაცრ გარემოსდაცვით მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ეს შეიძლება დადასტურებული იყოს ევროკავშირის ეკოლოგიური ნიშნით, ოფიციალური სერტიფიკატით ან სხვა გადამოწმებადი მონაცემებით.
კომპანიებს კონკრეტული ინფორმაციის მითითება კვლავ შეეძლებათ. მაგალითად, ზოგადი წარწერის, „ეკოლოგიური შეფუთვის“, ნაცვლად მწარმოებელს შეუძლია განაცხადოს, რომ შეფუთვის დასამზადებლად გამოყენებული ენერგია სრულად განახლებადი წყაროებიდან მიიღეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის დამადასტურებელი მონაცემები არსებობს.
ცალკე შეზღუდვები შეეხება ტერმინს „კლიმატნეიტრალური“. პროდუქტის ასე მოხსენიება მხოლოდ იმის გამო აღარ იქნება შესაძლებელი, რომ კომპანიამ წარმოებასთან დაკავშირებული ემისიების კომპენსაციისთვის გარემოსდაცვითი პროექტები დააფინანსა.
ავსტრიის გადაწყვეტილება იმ პრობლემის მოგვარებას ემსახურება, რომელიც ევროპაში წლების განმავლობაში აქტუალურია. ეკოლოგიურად ცხოვრების სურვილის ზრდასთან ერთად, კომპანიების ნაწილმა მომხმარებლების მოსაზიდად ბუნებასთან, მდგრადობასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული სიტყვებისა და სიმბოლოების გამოყენება დაიწყო, მაშინაც კი, როდესაც პროდუქტის გარემოზე ზემოქმედება რეალურად არ შემცირებულა.
სწორედ ამ პრაქტიკას უწოდებენ „გრინვოშინგს“. ის მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ გარემოს დასაცავად მხოლოდ „მწვანედ“ მონიშნული პროდუქტის შეძენაა საკმარისი და მოხმარების ჩვევების შეცვლა საჭირო აღარ არის.
თუმცა ეკოლოგიურად წარმოჩენილი ალტერნატივებიც ყოველთვის უპირობოდ უსაფრთხო არ არის. მაგალითად, ზოგიერთი მცენარეული პროდუქტის წარმოებას დიდი რაოდენობით წყალი სჭირდება, რაც განსაკუთრებით პრობლემურია იმ რეგიონებში, სადაც წყლის რესურსები შეზღუდულია.
გრინვოშინგის ერთ-ერთ მაგალითად პალმის ზეთიც სახელდება. მისი წარმოებისთვის ზოგიერთ რეგიონში ტროპიკული ტყეები იჩეხება და ეკოსისტემები ზიანდება. მიუხედავად ამისა, ბაზარზე გვხვდება პროდუქცია, რომელსაც „ეკოლოგიურად წარმოებული პალმის ზეთის“ ნიშანი აქვს, თუმცა მომხმარებლისთვის ხშირად რთულია იმის შემოწმება, რამდენად განსხვავდება ასეთი პროდუქტი ჩვეულებრივი წესით წარმოებულისგან.
პრობლემა მხოლოდ საკვებ პროდუქტებს არ ეხება. ეკოლოგიურად საკუთარი პროდუქციის წარმოჩენას ტანსაცმლის, კოსმეტიკის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ავტომობილების მწარმოებლებიც ცდილობენ. ამის ერთ-ერთი ცნობილი მაგალითი დიზელის ავტომობილების ემისიებთან დაკავშირებული სკანდალია, რომლის შემდეგაც ევროკავშირში სატრანსპორტო საშუალებების ტესტირების წესები გამკაცრდა.
ექსპერტების შეფასებით, მომხმარებელმა მხოლოდ შეფუთვაზე განთავსებულ მწვანე სიმბოლოებსა და ზოგად განცხადებებს არ უნდა ენდოს. პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ერთიანი სტანდარტები, დამოუკიდებელი კონტროლი და მკაფიო წესები, რომლებიც კომპანიებს მცდარი გარემოსდაცვითი განცხადებების გაკეთების საშუალებას არ მისცემს.
ავსტრიაში დაგეგმილი აკრძალვაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ახალი წესებით, ეკოლოგიურობა მხოლოდ სარეკლამო გზავნილი აღარ უნდა იყოს და ის კონკრეტული, გამჭვირვალე და გადამოწმებადი მონაცემებით უნდა დასტურდებოდეს.
წყაროები:
https://euro-pulse.ru/eurotrend/pochemu-zhit-ekologichno-slozhnee-chem-kazhetsya-opyit-evropeytsev/