ირლანდიაში მოქალაქეებს, რომლებსაც ელექტროსკუტერით გადაადგილება სურთ, მალე სპეციალური გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. პროცედურა ავტომობილის მართვის მოწმობის მიღების წესს დაემსგავსება.

თავდაპირველად მსურველმა საგზაო მოძრაობის წესები უნდა შეისწავლოს და თეორიული გამოცდა ჩააბაროს. შემდეგ კი ინსტრუქტორთან ერთად პრაქტიკულ გამოცდაზე ქალაქში უსაფრთხოდ გადაადგილების უნარი უნდა დაადასტუროს.

ელექტროსკუტერის მართვის უფლების მიღება მხოლოდ 18 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი, მაშინ როდესაც ირლანდიაში ავტომობილის მართვა 17 წლიდან შეიძლება.

ასაკობრივი ზღვარი 2026 წლის აგვისტოდან გაიზრდება. ამჟამად ელექტროსკუტერით გადაადგილება 16 წლიდან არის ნებადართული. სავალდებულო გახდება დამცავი ჩაფხუტისა და შუქამრეკლი ჟილეტის ტარებაც.

რეფორმის ფარგლებში, წლის ბოლომდე ელექტროსკუტერების რეგისტრაცია და დაზღვევა გახდება საჭირო. ასევე აიკრძალება ისეთი მოდელების გამოყენება, რომელთა სიჩქარე ნებადართულ 20 კილომეტრს საათში აღემატება.

წესების გამკაცრების ერთ-ერთ მიზეზად ელექტროსკუტერებთან დაკავშირებული ავარიების შედეგად დაშავებულთა რაოდენობის ზრდა სახელდება. Children’s Health Ireland-ის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბავშვებში ელექტროსკუტერის ავარიებით გამოწვეული მძიმე თავის ტრავმების რაოდენობა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა.

ცვლილებებს გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ნაწილი აკრიტიკებს. მათი შეფასებით, რეგისტრაციისა და მართვის მოწმობის მოთხოვნა „კოლექტიური დასჯაა“, რადგან დამატებითი შეზღუდვები იმ მოქალაქეებსაც შეეხებათ, რომლებიც ელექტროსკუტერს უსაფრთხოდ და ჩვეულებრივი საქალაქო ტრანსპორტის სახით იყენებენ.

https://euro-pulse.ru/news/v-irlandii-teper-pridetsya-sdavat-na-prava-chtoby-ezdit-na-elektrosamokate/