ესპანეთში კაფეებისა და რესტორნების ტერასებზე, პლაჟებზე, ავტობუსის გაჩერებებსა და ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტებზე მოწევის აკრძალვას გეგმავენ. ახალი წესების დარღვევისთვის ჯარიმა 200-დან 600 ევრომდე იქნება.
კანონპროექტი ითვალისწინებს ე.წ. თამბაქოსგან თავისუფალი დამცავი ზონების შექმნასაც. სკოლების, უნივერსიტეტების, საავადმყოფოების, სპორტული ცენტრების, პარკების, საბავშვო მოედნების, მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და კულტურული ცენტრების ირგვლივ მოწევა მინიმუმ 15 მეტრის რადიუსში აიკრძალება.
ცვლილებები არასრულწლოვნებსაც შეეხება. ამჟამად ესპანეთში 18 წლამდე პირებისთვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვა აკრძალულია. ახალი წესებით, ქუჩაში სიგარეტით დაფიქსირებულ არასრულწლოვნებს შესაძლოა საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოების შესრულება დაეკისროთ.
შეზღუდვები გავრცელდება არა მხოლოდ ჩვეულებრივ სიგარეტზე, არამედ ელექტრონულ სიგარეტებზე, ვეიპებზე, ჩილიმებსა და ნიკოტინის პაკეტებზეც. კანონპროექტი თამბაქოს ნაწარმის რეკლამის აკრძალვასაც ითვალისწინებს.
ინიციატივა ესპანეთის მინისტრთა საბჭომ უკვე დაამტკიცა, თუმცა ძალაში შესასვლელად მას პარლამენტის მხარდაჭერაც სჭირდება. გამოცემის ინფორმაციით, დეპუტატების უმრავლესობა თამბაქოს საწინააღმდეგო ზომებს მხარს უჭერს.
ახალ რეგულაციებს კაფეებისა და რესტორნების მფლობელთა ნაწილი ეწინააღმდეგება. მათი განცხადებით, ჯერჯერობით გაურკვეველია, ვის დაეკისრება ტერასებზე აკრძალვის შესრულების კონტროლი. ისინი ასევე ამბობენ, რომ ჭამის დროს მოწევა მრავალი მომხმარებლისთვის დამკვიდრებული ჩვევაა და შეზღუდვამ შესაძლოა ბიზნესზე უარყოფითად იმოქმედოს.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში მოწევა ყოველწლიურად დაახლოებით 50 000 ადამიანის გარდაცვალებას იწვევს.