Ford-ი აშშ-ის არმიისთვის ახალი თაობის ტაქტიკური სატვირთო ავტომობილების შექმნას გეგმავს და მსხვილი სამხედრო კონტრაქტისთვის General Motors-სა და სპეციალური ტექნიკის მწარმოებელ BC Customs-ს გაუწევს კონკურენციას.
აშშ-ის არმია დაახლოებით 600 ახალი სატვირთო ავტომობილის შეძენას აპირებს. პროტოტიპების დასამზადებლად კონტრაქტები უკვე მიიღო სამივე კომპანიამ. ისინი საკუთარ კონცეფციებს მომავალ წელს წარადგენენ, რის შემდეგაც სამხედრო უწყება ავტომობილების პრაქტიკულ გამოცდასა და შეფასებას დაიწყებს.
გავრცელებული ინფორმაციით, Ford-ი სამ პროტოტიპს შექმნის, რომლებიც F-Series Super Duty-ის პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ცვლილებებს შეიტანს კომპანია სამოქალაქო პიკაპის კონსტრუქციაში, თუმცა არმიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ მანქანებმა მობილური ენერგოსადგურის ფუნქციაც შეასრულონ.
სამხედრო პიკაპები ადგილზე დრონების, საკომუნიკაციო მოწყობილობებისა და თანამედროვე მართვისა და კონტროლის სისტემების დამუხტვას შეძლებენ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ისეთ ადგილებში, სადაც ელექტროენერგიის მუდმივი წყარო ხელმისაწვდომი არ არის.
Ford-ს ამ მიმართულებით უკვე აქვს შესაბამისი ტექნოლოგიური გამოცდილება. კომპანიის Pro Power Onboard სისტემა გარკვეულ სამოქალაქო მოდელებში ჩაშენებული გენერატორის ფუნქციას ასრულებს. 120- და 240-ვოლტიანი როზეტების გამოყენებით სისტემა, მოდელის მიხედვით, 2-დან 9.6 კილოვატამდე სიმძლავრეს უზრუნველყოფს.
Ford-ის დაბრუნება სამხედრო ინდუსტრიაში
მიუხედავად ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა, Ford-ს სამხედრო შეკვეთებისთვის ბრძოლაში რთული კონკურენცია ელის. კომპანია თავდაცვის სექტორს 1990-იან წლებში თითქმის მთლიანად ჩამოშორდა, მაშინ როდესაც GM Defense-მა ამ მიმართულებით პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა.
General Motors-მა აშშ-ის არმიასთან მილიარდდოლარიანი შეთანხმება გააფორმა, რომელიც 10 000-მდე ქვეითთა გადაადგილებისთვის განკუთვნილი სამხედრო ავტომობილის მიწოდებას ითვალისწინებს. არმია ასევე უკვე ამოწმებს სამხედრო დანიშნულებისთვის გადაკეთებულ Chevrolet Silverado-ს მძიმე ვერსიებს.
GM Defense-ი მომავალში საქმიანობის გაფართოებასა და უფრო მძიმე სამხედრო ტექნიკის წარმოებასაც გეგმავს. შესაბამისად, Ford-ს არა მხოლოდ ტექნიკურად გამართული პიკაპების წარდგენა, არამედ თავდაცვის უწყების ნდობის თავიდან მოპოვებაც დასჭირდება.
Ford-ის გენერალურმა დირექტორმა ჯიმ ფარლიმ მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა, რომ კომპანია პენტაგონთან რამდენიმე თავდაცვით პროექტზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. თუმცა ავტომწარმოებელს ამ დრომდე სამხედრო სექტორში მსხვილი კონტრაქტი არ მოუპოვებია.
ახალი პროექტი Ford-ისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს სამხედრო ინდუსტრიაში დასაბრუნებლად. საბოლოო გადაწყვეტილება კი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც არმია სამივე კომპანიის პროტოტიპებს რეალურ პირობებში გამოცდის და მათ გამძლეობას, მობილობასა და ენერგეტიკულ შესაძლებლობებს შეაფასებს.