ბატარეის შეკეთება ძვირია, თუმცა, ელექტრომობილებში სხვა პრობლემები უფრო ხშირად გვხვდება. 

მეორადი ელექტრომობილის შეძენისას მომხმარებლების მთავარი შიში, როგორც წესი, მაღალი ძაბვის ბატარეის მდგომარეობას უკავშირდება. თუმცა ბრიტანული საგარანტიო კომპანია Warrantywise-ის კვლევის მიხედვით, ელექტრომობილების მფლობელები გაცილებით ხშირად ელექტროსისტემის, დაკიდების სისტემისა და 12-ვოლტიანი აკუმულატორის გაუმართაობას აწყდებიან.

კვლევა საგარანტიო მოთხოვნების ანალიზს ეფუძნება. მონაცემების მიხედვით, მეორად ელექტრომობილებში ყველაზე გავრცელებული პრობლემა სხვადასხვა ტიპის ელექტრული გაუმართაობაა. მისი შეკეთების საშუალო ღირებულება დაახლოებით 1 085-დან 1 205 დოლარამდე მერყეობს, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ხარჯი 5 400 დოლარსაც აღწევს.

მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული დაკიდების სისტემის დაზიანებაც, განსაკუთრებით განივი ბერკეტის გაუმართაობა. ასეთი შეკეთების საშუალო ღირებულება დაახლოებით 1 600 დოლარია, რთულ შემთხვევებში კი შესაძლოა 5 500 დოლარს გადააჭარბოს. ელექტრომობილების დიდი წონა საკიდარზე დამატებით დატვირთვას ქმნის, რის გამოც მისი კომპონენტები შეიძლება უფრო სწრაფად გაცვდეს.

ელექტრომობილისთვის სპეციფიკური ყველაზე ძვირად შესაკეთებელი დეტალი ბორტდამტენია, ანუ On-Board Charger. მისი შეკეთება საშუალოდ დაახლოებით 2 900 დოლარი ღირს, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ხარჯმა 14 ათას დოლარსაც გადააჭარბა. ამასთან, კვლევის მიხედვით, ასეთი დაზიანება შედარებით იშვიათია.

მაღალი ძაბვის ბატარეა ყველაზე გავრცელებული პრობლემების ჩამონათვალში საერთოდ ვერ მოხვდა. ამის შესაძლო მიზეზებად ბატარეების შედარებით მაღალი გამძლეობა და მათზე გავრცელებული ხანგრძლივი ქარხნული გარანტია სახელდება. თუმცა დაზიანების შემთხვევაში ბატარეის შეკეთება ან შეცვლა კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ძვირი მომსახურებაა და საშუალოდ დაახლოებით 8 500 დოლარი ჯდება.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ელექტრომობილების შეკეთების საშუალო ღირებულება 2024-დან 2025 წლამდე 10.7%-ით გაიზარდა. სპეციალისტების შეფასებით, ეს აუცილებლობით ავტომობილების საიმედოობის გაუარესებას არ ნიშნავს და ზრდა შესაძლოა ინფლაციას, მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების გაძვირებას უკავშირდებოდეს.

მონაცემები აჩვენებს, რომ მეორადი ელექტრომობილის შემოწმებისას მხოლოდ ბატარეის დიაგნოსტიკა საკმარისი არ არის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ელექტროსისტემას, დამტენ მოწყობილობას, 12-ვოლტიან აკუმულატორსა და დაკიდების სისტემის მდგომარეობას.

www.crystalauto.ge