NDI-ის მიერ 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგებით, უმრავლესობის აზრით , დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს.

კითხვაზე, „თქვენი აზრით, რამდენად პრობლემატურია, თუ საერთოდ პრობლემატურია, ჩვენს საზოგადოებაში მენტალური ჯანმრთელობის ისეთი დარღვევები როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა?“, 83% პასუხობს, რომ პრობლემატურია, 8% ამბობს, რომ არ არის პრობლემატური, ხოლო ასევე 8% ამბობს, რომ არ იცის.

ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს უფიქრია ფსიქოლოგისთვის ან ფსიქიატრისთვის მიემართა. იმ 12 პროცენტიდან, ვისაც უფიქრია სპეციალისტისთვის მიემართა, ნახევარი ასეც მოიქცა. ხოლო მათ, ვინც არ მიმართეს, შემდეგი მიზეზები დაასახელეს: არ ჰქონდათ შესაბამისი ფინანსები, ან არ ჰქონდათ ამის საჭიროება.

თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ არ იცის ვის მიმართოს, თუკი მათ ან მათი ოჯახის წევრს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით დახმარება დასჭირდებათ.

უმრავლესობის აზრით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც უნდა ფარავდეს.