მექანიკური გადაცემათა კოლოფის მოყვარულებს მის დასაცავად ახალი არგუმენტი აქვთ. იაპონიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სიჩქარეების ხელით გადართვა მხოლოდ მართვის პროცესს არ ხდის უფრო საინტერესოს. ის შესაძლოა ტვინის აქტიურობასაც უწყობდეს ხელს.

კვლევა პროფესორ რიუტა კავაშიმას ეკუთვნის, რომელიც ტოჰოკუს უნივერსიტეტში ნეიროვიზუალიზაციის მიმართულებას ხელმძღვანელობს. კავაშიმა ფართო საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი, რადგან სწორედ მის კვლევებს დაეფუძნა Nintendo-ს ცნობილი სერია Brain Age.

კვლევის მიხედვით, მექანიკური კოლოფით მართვისას აქტიურდება ტვინის პრეფრონტალური ქერქი. ეს არის ზონა, რომელიც ყურადღებას, მეხსიერებასა და გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება. მძღოლს ერთდროულად რამდენიმე მოქმედების შესრულება უწევს: გადაბმულობის დაჭერა, შესაბამისი სიჩქარის შერჩევა, აქსელერატორის კონტროლი და გზაზე არსებული სიტუაციის შეფასება.

სწორედ ამ პროცესების ერთობლიობა ქმნის გონებრივ დატვირთვას, რომელიც ტვინს მუდმივ ტონუსში ამყოფებს. მკვლევრების შეფასებით, ასეთი აქტივობა განსაკუთრებით საინტერესოა ასაკოვან მძღოლებთან მიმართებით, რადგან ყოველდღიურ მოძრაობაში ტვინის მსუბუქ ვარჯიშს ჰგავს.

ავტომატური და ნახევრად ავტონომიური ტრანსპორტის შემთხვევაში მძღოლი ბევრად უფრო პასიურ როლშია. მექანიკური კოლოფი კი მართვის პროცესში მეტ ჩართულობას მოითხოვს, რაც ყურადღებისა და კოორდინაციისთვის დამატებით სტიმულს ქმნის.

თუმცა, ამ შესაძლო სარგებლის მიუხედავად, მექანიკური გადაცემათა კოლოფი იაპონიაში პოპულარობას სწრაფად კარგავს. Best Car-ის მონაცემებით, ახალ ავტომობილებში მექანიკაზე გაყიდვების მხოლოდ 1-2 პროცენტი მოდის. ასეთი მოდელები ძირითადად იაფ სეგმენტში, Kei კლასის მინივენებსა და მცირე სატვირთოებში გვხვდება.

თანამედროვე ბაზარზე ავტომატური კოლოფი უკვე თითქმის სრული დომინანტია. ჰიბრიდული მოდელები, ელექტრომობილები და მძღოლის დახმარების სისტემები ავტომობილს უფრო კომფორტულსა და მარტივს ხდის, მაგრამ ამავდროულად მართვის პროცესში ადამიანის ჩართულობას ამცირებს.

ამ კვლევამ მექანიკური კოლოფის თემას ახალი კუთხე შესძინა. შესაძლოა, მესამე პედალი მხოლოდ ნოსტალგიის ან მართვის სიამოვნების სიმბოლო აღარ იყოს. ის შეიძლება იმ იშვიათ ტექნოლოგიადაც განვიხილოთ, რომელიც ავტომობილთან ერთად მძღოლის გონებასაც ავარჯიშებს.

www.crystalauto.ge