მიუხედავად პროგრესისა, კვლავაც გამოწვევად რჩება სამედიცინო დახმარების ხარისხის დონის სხვაობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებისთვის და ქვეყანაში ტრავმების ერთიანი რეესტრის არარსებობა.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს 2026 − 2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმაში, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა და ძალაში მიმდინარე წლის 5 აგვისტოს შევიდა.

დოკუმენტში ვკითხულობთ:

„საერთაშორისო კვლევის მიხედვით დადასტურებულია, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა 50% იღუპება შემთხვევიდან რამდენიმე წუთში. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის ეფექტურობა.

საქართველოში ბოლო წლებში ჯანდაცვის სექტორი მნიშვნელოვნად განვითარდა და გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდების პროცესი მეტად თანმიმდევრული გახდა. ამასთან, წინგადადგული ნაბიჯია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის დაზიანების ხარისხის  შემფასებელი  MAIS3+ შკალის დანერგვაც. კერძოდ, 2025 წელს დაინერგა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის ევროკომისიის მიერ მოწოდებული დაზიანების ხარისხის შემაფასებელი MAIS3+-ს შკალა. შედეგად, სტაციონარიდან გასული ავადმყოფის აღრიცხვის ფორმა 066-ის ელექტრონულ ვერსიაში დაემატა საჭირო ცვლადები და MAIS3+ შკალის მაკონვერტირებელი პროგრამა. ამასთან, განხორციელდა მონაცემთა ხარისხის მონიტორინგი, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კლინიკის სტატისტიკოსებსა და მენეჯერებს ჩაუტარდათ წერილობითი, სატელეფონო და ონლაინ ინსტრუქტაჟი. 
თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნული პროგრესისა, კვლავაც, გამოწვევად რჩება სამედიცინო დახმარების ხარისხის დონის სხვაობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებისთვის და ქვეყანაში ტრავმების ერთიანი რეესტრის არარსებობა,“ - წერია დოკუმენტში.

MAIS3+ შკალა არის სამედიცინო მეთოდი, რომლითაც აფასებენ, რამდენად მძიმე იყო პაციენტის დაზიანებები ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ.


ეს არის მეთოდი, რომელიც გამოიყენება, მათ შორის, საგზაო უსაფრთხოების სტატისტიკასა და მძიმე ტრავმების რაოდენობის შესაფასებლად.

რაც შეეხება ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დოკუმენტის თანახმად, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლის საშუალო დრო 2025 წელს არსებული 13 წუთიდან 2028 წელს 10 წუთამდე, 2030 წელს კი 8 წუთამდე უნდა შემცირდეს.

აღნიშნულის მიღწევის აუცილებლობა სტრატეგიაში ასეა ახსნილი:

„დადასტურებულია, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა 50% იღუპება შემთხვევიდან რამდენიმე წუთში. ამასთან, ესპანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შემთხვევის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების 10 წუთით ადრე მისვლამ გამოიწვია სიკვდილიანობის 1/3-ით შემცირება. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის ეფექტურობა.


სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით დახვეწის მიზნებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გზას წარმოადგენს ერთიანი ტრავმის რეესტრის შექმნა. გამომდინარე იქიდან, რომ გზის სხვადასხვა მონაკვეთზე, სხვადასხვა რეგიონში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ქმნიან მრავალგანზომილებიან პრობლემას, სანდო, სრულყოფილი და ერთიან სტანდარტებზე დაფუძნებული მონაცემთა ბაზა აუცილებელია როგორც პრევენციული, ისე სამკურნალო-რეაბილიტაციური ინტერვენციების ეფექტურად დაგეგმვისა და შეფასებისთვის.

ერთიანი რეესტრის არსებობა უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა პროცესებში მონაწილე სხვადასხვა წყაროდან - სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საავადმყოფოები და საპოლიციო დანაყოფები - მიღებული ინფორმაციის კონსოლიდაციას, რის საშუალებითაც, შესაძლებელი ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად მიღებული ტრავმების სიხშირის, სიმძიმისა და შედეგების შესახებ სრული სურათის ჩამოყალიბება. ზემოაღნიშნული მიდგომა წარმოადგენს უტყუარ მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების საფუძველს, რაც უმნიშვნელოვანესია პრევენციული ზომების დანერგვისა და რესურსების ოპტიმალური განაწილების თვალსაზრისით. ეფექტური სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად და მის შედეგად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგების სიმძიმის შესამცირებლად მნიშვნელოვანია, დაზარალებულთა მაქსიმალურად სწრაფი ტრანსპორტირება სამედიცინო ცენტრში კვალიფიცირებული სამედიცინო პერსონალის მიერ.“

ამ პრობლემების მოსაგვარებლად გათვალისწინებულია ავტომაგისტრალების და დაუსახლებელი გზების მონაკვეთებში შესაბამისი სამედიცინო ცენტრების მოწყობა, სპეციალიზებული სამედიცინო ჯგუფების საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მისვლის დროის ოპტიმიზაცია, მათ შორის, მათი ტექნიკური და ოპერაციული შესაძლებლობების განვითარებისა და გაუმჯობესების გზით, ტრავმის რეესტრის (Trauma registry) შექმნა და გამოყენება საგზაო უსაფრთხოების მიზნებისთვის, რათა შეფასდეს საავადმყოფოებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებული პაციენტების მკურნალობის ეფექტურობა და მოხდეს მსგავსი ტრავმის პრევენციის ღონისძიებების სათანადო დაგეგმვა.

წყარო: jandacva.ge