ევროკავშირში ჩინეთიდან იმპორტირებული ბიუჯეტური საბურავები გაძვირდება. მიზეზი ახალი ანტიდემპინგური ტარიფებია, რომელთა დაწესებითაც ბრიუსელი ევროპელი მწარმოებლების დაცვასა და იაფი ჩინური პროდუქციის სწრაფი გაფართოების შეჩერებას ცდილობს.
ჩინური საბურავების პოპულარობა ევროპულ ბაზარზე ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2021-დან 2024 წლამდე მათი წილი 18%-დან 28%-მდე ავიდა. მხოლოდ 2024 წელს ევროკავშირში ჩინეთიდან დაახლოებით 93 მილიონი საბურავი შევიდა, მაშინ როცა სამგზავრო და მსუბუქი კომერციული ავტომობილების საბურავების მთლიანი მოხმარება 336 მილიონ ერთეულს შეადგენდა.
ახალი წესების მიხედვით, ჩინურ მწარმოებლებს, რომლებმაც ინდივიდუალური შეღავათიანი განაკვეთი ვერ მიიღეს, 45.3%-იანი საბაჟო ტარიფი დაეკისრებათ. კომპანიებისთვის, რომლებიც ევროკომისიის გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ, შედარებით დაბალი, 24.4%-იანი განაკვეთი იმოქმედებს.
გადასახადი საბურავის საცალო ფასზე კი არა, მის საიმპორტო ღირებულებაზე გავრცელდება. 2024 წელს ჩინური საბურავის საშუალო საიმპორტო ფასი 30.30 ევრო იყო. შესაბამისად, მაღალი ტარიფი თითო საბურავს დაახლოებით 13.70 ევროს, შეღავათიანი განაკვეთი კი დაახლოებით 7.40 ევროს დაუმატებს. დღგ-ის გათვალისწინებით, მომხმარებლისთვის ერთი საბურავის ფასი, მაღაზიის მარჟის დამატებამდე, დაახლოებით 9-16 ევროთი შეიძლება გაიზარდოს.
გაძვირება ყველაზე მეტად სწორედ იაფი საბურავების სეგმენტზე აისახება, რადგან დამატებითი გადასახადი დაბალ საწყის ფასში უფრო დიდ წილს დაიკავებს. შედეგად, ევროპულ და ჩინურ პროდუქციას შორის არსებული ფასობრივი სხვაობა შემცირდება.
ევროკომისიამ ჩინური საბურავების წინააღმდეგ გამოძიება 2025 წლის მაისში დაიწყო, ევროპელ მწარმოებელთა ასოციაციის საჩივრის საფუძველზე. ასოციაციის მტკიცებით, ჩინური კომპანიები პროდუქციას რეალურ ღირებულებაზე მნიშვნელოვნად იაფად ყიდდნენ და დემპინგის მაჩვენებელი 41%-დან 104%-მდე მერყეობდა.
გამონაკლისი შეეხო სამხრეთკორეულ Hankook-ს, რომელსაც ჩინეთშიც აქვს ქარხნები. კომპანიას მხოლოდ 4.3%-იანი ტარიფი დაუწესდა. ევროკავშირის შეფასებით, ბრენდის პროდუქცია შედარებით მაღალ ფასობრივ სეგმენტს მიეკუთვნება და ევროპული ინდუსტრიისთვის ისეთი ზიანი არ მიუყენებია, როგორიც სხვა დაბალბიუჯეტიან ჩინურ მწარმოებლებს.
ჩინელი მწარმოებლები და ევროპელი იმპორტიორები გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. მათი შეფასებით, ტარიფებმა შესაძლოა იაფი საბურავების მიწოდება შეამციროს და მომხმარებლის ხარჯები გაზარდოს. ევროკომისია კი აცხადებს, რომ ზომები აუცილებელია ევროპული კომპანიების წარმოების, გაყიდვებისა და საბაზრო წილის დასაცავად.