ზაფხულის სეზონთან ერთად აქტუალური ხდება ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხები - სეზონური ვირუსები, მზისგან დაცვა, ვაქცინაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესი... ამ თემებზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს ივანე ჩხაიძეს ვესაუბრეთ.

- რამდენიმე კვირის წინ საქართველოში დენგეს ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. არსებობს ვირუსის შიდა გავრცელების საფრთხე?

- საქართველოში დენგეს ვირუსის პირველი შემთხვევა 2016 წელს დაფიქსირდა. მას შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად რამდენიმე შემთხვევას აღრიცხავს. როგორც წესი, წლის განმავლობაში 6-7 შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ არც ერთი მათგანი არ ყოფილა ადგილობრივი ანუ შიდა გავრცელების შემთხვევა.

ეს ნიშნავს, რომ ინფიცირებული პირები საქართველოში იმ ქვეყნებიდან შემოვიდნენ, სადაც დენგე ენდე­მურად არის გავრცელებული. ასეთ ქვეყნებს შორისაა ბრაზილია, მექსიკა, არგენტინა, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ აზიის არაერთი სახელმწიფო. ამიტომ საქართველოში დენგეს მასობრივი გავრცელების ან ეპიდაფეთქების რისკი ძალიან დაბალია. 2025 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში სულ 35 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 29 - საფრანგეთში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დღეს დენგეს ვირუსის გავრცელების რისკის ქვეშ მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი დგას. მიუხედავად ამისა, ვირუსი კვლავ ენდემური ხასიათის დაავადებად რჩება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ადამიანი დენგეს ვირუსს პირდაპირ სხვა ადამიანს არ გადასცემს. ინფექციის ძირითადი გადამტანი კოღოა. თავდაპირველად ადამიანი ინფიცირდება, შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის სისხლში ვირუსის კონცენტრაცია იზრდება­ და თუ ამ დროს მას კოღო უკბენს, ვირუსი კოღოს ორგანიზმში ხვდება. დაახლოებით 10-12 დღის შემდეგ ვირუსი კოღოს სანერწყვე ჯირკვლებში აღწევს და ამის შემდეგ კოღოს ერთი ნაკბენიც საკმარისია სხვა ადამიანის დასაინფიცირებლად. ამ არაპირდაპირი გადაცემის მექანიზმის გამო დენგე საქართველოსთვის ვერ იქნება ისეთი საფრთხე, როგორიც ყოველწლიური გრიპი ან კორონავირუსია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ადგილობრივი გავრცელების თეორიული შესაძლებლობა მაინც არსებობს.

განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში, როდესაც კოღოების აქტივობა მაქსიმალურია. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან, რადგან ამ ასაკში დაავადების გართულების რისკი უფრო მაღალია. რეკომენდებულია გრძელსახელოიანი ტანსაცმლის ტარება, შარვლის, კოღოს საწინააღმდეგო ბადეების დამონტაჟება და რეპელენტების გამოყენება.

- როგორ უნდა ამოვიცნოთ დენგეს ვირუსი? რა სიმპტომები ახასიათებს მას?

- დაავადების პირველ დღეებში დენგეს ვირუსის სხვა ვირუსული ინფექციებისგან გარჩევა საკმაოდ რთულია. ის იწყება მაღალი ტემპერატურით, თავისა თუ სახსრების ტკივილით, საერთო სისუსტით. თუმცა არსებობს ორი სიმპტომი, რომლებიც დენგესთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია: პირველი არის თვალების უკან არსებული ძლიერი ტკივილი, მეორე, ინტენსიური ძვლების ტკივილია, ამიტომ დენგეს ხშირად "ძვლების მტეხ ცხელებასაც" უწოდებენ. ბევრ შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, რის გამოც პაციენტს შესაძლოა ეჭვიც კი არ გაუჩნდეს დენგეზე. მიუხედავად ამისა, გარკვეულ შემთხვევებში დენგე სიცოცხლისთვის საშიშ ფორმას იღებს. შეიძლება განვითარდეს ჰემორაგიული შოკი, მრავალორგანული უკმარისობა და სხვა მძიმე გართულებები, რომლებიც ლეტალური შედეგის მიზეზი ხდება. საბედნიეროდ, დროული დიაგნოსტიკითა და ადეკვატური მკურნალობით დენგეს ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ძალიან დაბალია.

- რა ვირუსები ცირკუ­ლირებს ზაფხულში და რა რეკომენდაციები გაქვთ?

- ზაფხულის სეზონი, როგორც წესი, რომელიმე კონკრეტული ვირუსის განსაკუთრებულ მატებას არ უკავშირდება. ამ პერიოდში სტაბილურად ფიქსირდება რინოვირუსისა და ადენოვირუსის შემთხვევები. მნიშვნელოვანია, რომ კალენდარული წლის მე-20 კვირის შემდეგ საქართველოში პრაქტიკულად აღარ ცირკულირებს გრიპის ვირუსი. კორონავირუსის შემთხვევები მხოლოდ ეპიზოდურად გვხვდება... ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სითხის საკმარისი რაოდენობით მიღებას, რადგან ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ორგანიზმის გაუწყლოებაა. მნიშვნელოვანია მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვაც. ბავშვობაში მიღებული კანის დამწვრობა მომავალში უფრო მძიმე კანის დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. ამიტომ მშობლებს ვურჩევთ, რომ ბავშვები დილის 11-დან საღამოს 5 საათამდე პერიოდში მზის პირდაპირ ზემოქმედებას მოარიდონ. აუცილებელია მზისგან დამცავი კრემის გამოყენება, რომლის დაცვის ინდექსი (SPF) მინიმუმ 30, სასურველია კი 50 და მეტი იყოს. მზისგან დამცავი საშუალება მხოლოდ ერთხელ არ უნდა წავისვათ. განსაკუთრებით აუზზე ან ზღვის სანაპიროზე საჭიროა მისი განახლება ყოველ რამდენიმე საათში. მნიშვნელოვანია ქუდისა და მზის სათვალის გამოყენებაც.

- შეიცვალა თუ არა ბოლო წლებში მშობ­ლების დამოკიდებულება კლინიკებში დროული მომართვიანობის მხრივ?

- ბოლო წლებში სამედიცინო დახმარებისთვის დროული მიმართვის კულტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შემთხვევები, როდესაც დაგვიანებული მიმართვის გამო მძიმე ან ფატალურ შედეგებს ვიღებდით, პროგრესულად მცირდება. მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე აშკარად გაიზარდა, რაც ექიმებისთვისაც მნიშვნელოვანი კომფორტია. განათლებული და ფრთხილი მშობელი ამცირებს ბავშვებში გართულებების განვითარების რისკს. თუმცა ერთ სერიოზულ პრობლემას კვლავ ვაწყდებით - შემცირებულია მოსახლეობის მზაობა პრევენციული ღონისძიებების, განსაკუთრებით კი ვაქცინაციის მიმართ. თუ 2019 წელს საქართველო ევროპაში ვაქცინაციის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ქვეყანა იყო, დღეს საგანგაშო მდგომარეობაში ვართ. ქვეყანაში ათიათასობით ბავშვია, რომელთაც წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა არა აქვს გაკეთებული, ხოლო ათასობით ბავშვს სხვა აუცილებელი აცრებიც აქვს გამოტოვებული. თუ უახლოეს პერიოდში ინფორმირების კამპანიები არ გაძლიერდა, არსებო­ბს წითელას აფეთქების რისკი. წითელა კვლავ ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ლეტალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

- რა არის დღეს ბავშვთა ჯანმრთელობის მთავარი გამოწვევები საქართველოში?

- საბედნიეროდ, საქართველო აღარ მიეკუთვნება იმ ქვეყნების კატეგორიას, სადაც ბავშვთა სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი ინფექციური დაავადებებია. თუ 1990 წელს საქართველოში ფილტვების ანთებით 1200-ზე მეტი ბავშვი გარდაიცვალა, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 36-მდე შემცირდა. ასევე, თუ 1990 წელს დიარეით გარდაცვალების შემთხვევები დაახლოებით 200 იყო, 2023 წელს მხოლოდ სამი ბავშვი გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ მე-20 საუკუნის ბოლოს ინფექციური დაავადებები მართლაც სერიოზული პრობლემა იყო, თუმცა დღეს ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია. ამჟამად ბავშვთა სიკვდილიანობისა და მძიმე გართულებების ძირითადი მიზეზები უფრო ახალშობილთა ასაკთან დაკავშირებული პათოლოგიებია. სწორედ ამ მიმართულებით არის საჭირო განსაკუთრებული ყურადღება და რესურსების მობილიზება.

- როგორ შეაფასებთ ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრების წესს საქართველოში?

- სამწუხაროდ, ცხოვრების წესი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. როდესაც ჯანსაღ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ვგულისხმობთ სწორ კვებასა და ფიზიკურ აქტივობას. ბავშვებსა და მოზარდებში გაზრდილია ჭარბი წონისა და სიმსუქნის მაჩვენებელი, ინტენსიური ფიზიკური აქტივობა კი მკვეთრად შემცირებულია. ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით, ასაკის შესაბამისად ბავშვს ყოველდღიურად მინიმუმ 30 წუთიდან ერთ საათამდე ინტენსიური ფიზიკური აქტივობა სჭირდება. ტექნოლოგიურმა პროგრესმა, რომელიც მრავალ სფეროში დადებით ცვლილებებს იწვევს, ფიზიკური აქტივობის შემცირებასაც შეუწყო ხელი, ეს კი გავლენას ახდენს არა მხოლოდ სხეულის წონაზე, არამედ ზოგად ჯანმრთელობაზე. ელექტრომოწყობილობების ხანგრძლივი გამოყენება უარყოფითად მოქმედებს მხედველობაზეც.

ბოლო დროს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა გამოიკვეთა - მოზარდებში ელექტრონული სიგარეტების, გახურებადი თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ბალიშების მოხმარება, რაც კონტროლს არ ექვემდებარება. ოჯახებისთვისაც ძალიან რთულად შესამჩნევია, იყენებს თუ არა ახალგაზრდა ამ საშუალებებს. მათ არა აქვთ სუნი და არ ტოვებენ კვალს.

ქვეყნისთვის ერთ-ერთ რისკს წარმოადგენს თამბაქოს ალტერნატიული საშუალებების გამოყენება, არადა, ისინი არ განეკუთვნებიან უსაფრთხო კატეგორიებს. ნიკოტინი ძალიან ძლიერი ზემოქმედების შხამია, ნიკოტინის შემცველი ბალიშები შეიძლება არ იწვევს პირდაპირ ონკოლოგიურ დაავადებებს, მაგრამ იწვევს სერიოზულ ზემოქმედებას ბავშვის თავის ტვინზე, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მახსოვრობა, კონცენტრაციისა და დასწავლის უნარი შემცირებულია. თავის ტვინი 25 წლამდე ვითარდება. 3-4 თვის განმავლობაში ნიკოტინის მიღებით ბავშვის კოგნიტური უნარები იქნება მკვეთრად ნაკლები იმ თანატოლთან შედარებით, რომელიც არ მოიხმარს ნიკოტინს.

წყარო: კვირის პალიტრა