PMCG კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის დეკემბერში ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 1 025 339 შეადგინა, რაც 2025 წლის ნოემბერთან შედარებით, 2.8%-ით და 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, 4.3%-ით მაღალი იყო.

ორგანიზაციის ცნობით, 2025 წლის დეკემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 9.4%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის ნოემბერთან შედარებით, 3.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

ამასთან, გასული წლის დეკემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 50.9%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის ნოემბერთან შედარებით, 17.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, 6.4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

კვლევაში წერია, რომ 2025 წლის დეკემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 5.8%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის ნოემბერთან შედარებით, 3.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, 1.2 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.