საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც ენერგოკომპანიებისთვის 1 მილიარდი ლარის ოდენობის ჯარიმების ჩამოწერას ეხება, სექტორში მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით კეთილსინდისიერი კომპანიები პროექტების განვითარების შემდგომ ეტაპზე გადავლენ.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფომ ყველას მისცა შანსი, პროექტები განავითარონ.
„სახელმწიფო არ შევიდა დავაში, საპატიო თუ არასაპატიო მიზეზების გარკვევაში, უკლებლივ ყველა პროექტი, ასე ვთქვათ, ერთ ქვაბში მოაქცია და ყველას მისცა შანსი, პროექტი განავითაროს, თუმცა არის გარკვეული დათქმებიც, რაც ასევე სწორია, რათა არც ერთმა კომპანიამ და ინვესტორმა პატიების ეს შესაძლებლობა მომავალი დარღვევისთვის არ გამოიყენოს“, - აცხადებს ლაშა იორდანიშვილი.
როგორც ლაშა იორდანიშვილი ამბობს, ენერგეტიკაში ინვესტიცია მედლის ორ მხარეს წააგავს - ერთი მხრივ, ეს საკმაოდ მომხიბვლელია ქვეყანასა და რეგიონში მზარდი მოხმარებიდან გამომდინარე, მეორე მხრივ კი უზარმაზარ ცოდნას, გამოცდილებასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.
„ქვეყანაში უკვე დაგროვდა ათეულობით პროექტი, რომლებიც ობიექტური, სუბიექტური თუ არაობიექტური მიზეზების გამო ვერ განვითარდა. კარგად რომ გვესმოდეს, ზოგიერთი პროექტი ვეღარ ვითარდება, ვერ გადადის შემდეგ ეტაპზე, რადგან ეს დავალიანებები არსებობს. ჩამოწერამ კი მნიშვნელოვნად დააჩქარა იმ კეთილსინდისიერი ინვესტორების ქმედებები, რომლებიც ხვალ, ზეგ, უახლოეს მომავალში შემდგომ ეტაპებზე გადავლენ.
ჯარიმების ჩამოწერა, რა თქმა უნდა, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა პრემიერის ინიციატივა, რომ ჩვენი ქვეყანა თვითკმარი გახდეს. ამასთან, როცა ახალი ენერგოობიექტები შენდება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა ხდება, ეს იმდენად კომპლექსური და ყოვლისმომცველი ქმედებების ერთობლიობაა, რომ მხოლოდ საინვესტიციო კომპანიები ვერ შეძლებენ, თუ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა არ ექნებათ მთავრობისა და პირველ რიგში, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან. ასეთი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში მიღებულია და ჩვენი სახელმწიფოც ეს პრაქტიკა უნდა გაიზიაროს“, - აღნიშნავს ლაშა იორდანიშვილი.