7 მარტს გახდა ცნობილი, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ”, „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს. მათი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს.

8 მარტს ჭიათურის მოსახლეობის აქცია გაიმართა. როგორც მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე ამბობს, კომპანიის ეს გადაწყვეტილება უმუშევრად 2000-დან – 2 500 დასაქმებულს ტოვებს.

„რასაც ჩვენ ვშიშობდით ნოემბრის თვიდან, კომპანიამ გუშინ პირდაპირ განაცხადა, რომ წყვეტს მიწისქვეშა სამუშაოებს და აღარ აწარმოებს მას. ამ მიწისქვეშა სამუშოებში პირდაპირ ან დამხმარე საწარმოებში დასაქმებული იყო 2 000 – 2 500-მდე ადამიანი. ამ ადამიანებს ექმნებათ საფრთხე. ძალიან ბევრი შპს, საწარმო დამოკიდებულია მაღაროელთა შრომა-საქმიანობაზე. თუ არ მოხდა მანგანუმის მოპოვება მაღაროში, ისინიც ავტომატურად რჩებიან ხელფასის გარეშე.

ამასთან, კომპანია აგრძელებს ღია კარიერულ მოპოვებას და ასევე კოოპერატორებმა, რომლებმაც 4 თვის განმავლობაში მიაწოდეს 70 ათასი ტონა გარეცხილი, გამდიდრებული მანგანუმი, მასზეც იტოვებს კონტროლს, მხოლოდ და მხოლოდ ხურავს, აკონსერვებს მიწისქვეშა სამუშაოებს”, – ამბობს მიქაცაძე.

რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც მიქაცაძე ამბობს, მათი მოთხოვნები პირობითად შეიძლება დაიყოს მოთხოვნად, რომელიც დაუყოვნებლივ საჭიროებს რეაგირებას, მეორე ნაწილი კი მიმართულია სისტემური ცვლილებისთვის.

აქციის მოთხოვნებია:

  • მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია;
  • შეიქმნას ჭიათურის ფონდი;
  • მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;
  • ეკოლოგიური საკითხების მოგვარება;
  • უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება.

1 – მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია

„აუცილებლად მთავრობამ უნდა გადაიბაროს პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენ 2007 წლიდან არაერთი პროტესტი, აქცია გვქონია კომპანიასთან და ყოველ ჯერზე მოტყუებული და გადაგდებული რჩებოდა ჭიათურის მოსახლეობა და მაღაროელი. ეს კარგად იცის კომპანიამაც, და ახლა თითქოს შეგვაშინა და შეწყვიტა მიწისქვეშა სამუშაოები ჭიათურაში, თუმცა აქედან არ წასულა და არც აპირებს წასვლას და მოპოვების პროცესის შეჩერებას.

ამიტომ, ჩვენი პირველი მოთხოვნაა, რომ მთავრობამ გადაიბაროს მისი საქმოსნობა რასაც კი ეწევა ჭიათურაში.

2 – ჭიათურის ფონდი

გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე წელიწადში ჭიათურაში მანგანუმი მოიკლებს და შემდეგ სრულიად გაქრება, ჩვენ შვილებსა და მომავალს აღარ დარჩება მისგან არაფერი, არც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას არ აპირებს არც მთავრობა და არც კომპანია, შესაბამისად, ამ ფონდში უნდა დარჩეს მოგების შესაბამისი პროცენტი, მაგალითად 5%. ეს თანხები პირველ რიგში უნდა მოხმარდეს მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებას, განვითარებას. ეს იქნება დიდი ტვირთის მოხსნა მათი ოჯახებისთვის, რომელიც მიმართული იქნება სწავლის გადასახადზე, ბინის ქირაზე თუ სხვა.

ასევე შესაძლებელია, რომ ამ ფონდმა უზრუნველყოს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა ჭიათურაში.

3 – დაზარალებული სოფლების კომპენსაცია

ჩვენ ვიცით შუქრუთის მოსახლეობისა და ამას გარდა კიდევ 13 დანგრეული სოფლის პრობლემა. ეკოლოგიურად მძიმე მდგომარეობა, აუცილებელია, რომ მთავრობა ამაში ჩაერიოს, კანონის ფარგლებში შეისწავლონ ეს საკითხები და გამოსავალი იყოს მოძიებული.

4 – ეკოლოგიური საკითხების მოგვარება

ეს საკითხი თითქოს უგულებელყოფილია, გაფიცვიდან – გაფიცვამდე ინაცვლებს და არაფერი არ უმჯობესდება ამ მიმართულებით. მაგალითად მდინარე ყვირილა, რომელიც ვერასდროს ვერ გათეთრდა ვერცერთი სახელმწიფო მმართველის პირობებში, კომპანიის არაერთი დაპირების მიუხედავად.

ასევე პრობლემურია ღია კარიერული წესით მოპოვება. ის გადათხრილი ადგილები ვითომ გადაასწორეს, მაგრამ რეალურად არაფერია არის შეცვლილი. აღნიშნული იწვეს გარემოს, ჰაერის დაბინძურებას, მავნე ნივთიერებების გავრცელებას როგორც ქალაქში, ისე მის შემოგარენში.

ჩვენი მოთხოვნაა, მოგვარდეს ეკოლოგიური საკითხები რაც სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა”, – ამბობს ტარიელ მიქაცაძე „პუბლიკასთან”.

5 – უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების საკითხი

რაც შეეხება, სწრაფი რეაგირების მოთხოვნებს, მიქაცაძე ამბობს, რომ როგორც კი ისინი მთავრობასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, ეს საკითხი იქნება პირველი, რაზეც მათ მოუწევთ საუბარი.

„ვინაიდან ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებლად უნდა შეგვხვდეს მთავრობა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ასევე იქნება უმუშევრად დარჩენილი ხალხის პირველადი საჭიროების დაკმაყოფილება – ხელფასები, რომლებიც თითქმის 2 თვეა არ აუღია დასაქმებულებს და საბანკო პრობლემები, რომელიც უკვე იმდენად გადაიზარდა პროცენტებში, რომ ეს ხელფასი რომც დაირიცხოს, ბანკი სრულად წაიღებს. ეს პრობლემა სასიცოცხლოდ მოსაგვარებელია.

შესაბამისად, ჩვენ როგორც კი დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრობასთან არის ის, რომ ჭიათურა უნდა გადარჩეს, ჭიათურას უნდა ეშველოს. ჭიათურას უნდა მიეცეს თავის რჩენის საშუალება, ვიდრე ჩვენ დანარჩენ საკითხებს განვიხილავთ. მაგალითად არსებობს პრეზიდენტის კრიზისების ფონდი [სარეზერვო ფონდი], კიდევ სხვადასხვა დანიშნულების ფონდი, დღეს რომ ჭიათურას უჭირს და დღეს რომ კრიზისია ჭიათურაში, არ მგონია ასეთი კრიზისი სადმე სხვაგან არსებობდეს საქართველოში, ამიტომ უნდა დავეხმაროთ მას”, – ამბობს ის.

წყარო: პუბლიკა