ჭიათურელმა მაღაროელები "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" განცხადებას გამოეხმაურნენ და თქვეს კომპანიის განცხადების შემდეგ მაღაროსთან მორიგეობას დაიწყებენ. როგორც ისინი ამბობენ, "თუ ვიღაც CMC ჯგუფისთვის მაღარო წამგებიანია, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ესაა მომგებიანი".

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ"  განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლონ. კომპანიის თქმით, ეს ფინანსურად წამგებიანია.

მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანია შეეცდება მაღაროდან გაიტანოს ტექნიკა და მოქალაქეებს მოუწოდებენ მაღაროების დასაცავად გამოვიდნენ.

"ზემოაღნიშნული კომპანია ეცდება, რომ იმ ობიექტებიდან, სადაც ის ოპერირებს, გაიტანოს ტექნიკა და დაცალოს ყველაფერი, რაც ხელთ მოჰყვება. ის ქონება, რაც ჩვენი ხელით და შრომითაა შეძენილი, აუცილებლად დარჩება ჭიათურას და ჭიათურელებს. აუცილებლად დარჩება მაღაროელებს და თუ ვიღაც CMC ჯგუფისთვის მაღარო წამგებიანია, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ესაა მომგებიანი.

მაგრამ ეს ყველაფერი რომ შევძლოთ, ამას სჭირდება ბრძოლა. ერთი პატარა წურბელა კომპანიის წასვლა არ ნიშნავს გამარჯვებას. ყველა უნდა გამოვცხადდეთ ხვალიდან, უნდა გავმართოთ მორიგეობა ყველა ობიექტზე. ერთი დეტალი, არც რკინა, არც ტექნიკა, არაფერი არ უნდა იყოს ობიექტიდან გამოსული. უნდა გავუფრთხილდეთ მაღაროებს, არ უნდა დავაზიანოთ, არ უნდა გავძარცვოთ, რადგან ხვალ-ზეგ რომ გავიმარჯვებთ, მაღაროებმა უნდა გადაარჩინოს ჭიათურა.

ამიტომ მოგიწოდებთ, ქუდზე კაცი. შესაბამისი პასუხი გავცეთ ამ უსინდისო განცხადებას, ამ უსინდისო კომპანიას, რომელმაც 2 წელი გვწოვა სისხლი, წაიღო რაც შეიძლებოდა მეტი ფინანსები და კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. გელოდებით ყველას ხვალ დილიდან". - განაცხადეს მაღაროელებმა. 

ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის განცხადებით, ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებენ.

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "საერთაშორისოდ აღიარებულმა გერმანულმა საკონსულტაციო კომპანია DMT GmbH & Co. KG-იმ ჭიათურის საბადოებში ტექნიკური გეოლოგიური და ფინანსური მონაცემები შეისწავლა".

როგორც კომპანია წერს, დასკვნით დასტურდება, რომ მანგანეზის მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია.

წყარო: tabula.ge