Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო დღეებში რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის შიდა ბუნებრივი აირის წარმოების 50%-ზე მეტი გაანადგურა, რაც ქვეყანას მოახლოებული ზამთრის პირობებში საწვავის იმპორტზე, სავარაუდოდ, 1.9 მილიარდი ევროს დახარჯვას აიძულებს.
წყაროები გამოცემას უყვებიან, რომ კიევმა ამ კვირის დასაწყისში მოკავშირეებს აცნობა, რომ 3 ოქტომბერს ხარკოვისა და პოლტავის რეგიონებზე მასიურმა რუსულმა დაბომბვამ ქვეყნის გაზის წარმოების დაახლოებით 60% გაანადგურა.
გამოცემის ცნობით, უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურა - რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრამდე ქვეყნის შიდა მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებდა - მიმდინარე წლის დასაწყისიდან სულ უფრო ინტენსიურ სარაკეტო და დრონების შეტევებს ქვეშაა.
"რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა შეგვიშალოს ხელი ჩვენი გაზის მოპოვებაში. ყველაფერს გააკეთებენ. რთული იქნება ყველაფრის დაცვა. ამოცანაა, გვქონდეს ფული, რომ შევიძინოთ გაზი, რათა ხალხს ჰქონდეს გათბობა" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ოქტომბერს, კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას.
უკრაინისთვის საჭირო გაზის ზუსტი ოდენობა რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის დაზიანებული ობიექტების შეკეთების სიჩქარეზე და მომავალში შესაძლო საჰაერო თავდასხმების ზიანზე - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა, სვიტლანა გრინჩუკმა 7 ოქტომბერს.
უკრაინის ეროვნული ენერგეტიკული კომპანია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მისი გენერალური დირექტორი, სერგიი კორეცკი წერს, რომ მას G7-ის წარმომადგენლებთან "ნაყოფიერი" შეხვედრა ჰქონდა და ის საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და სხვა პარტნიორებსაც ესაუბრა.
"ჩვენი პარტნიორები სრულად აცნობიერებენ სიტუაციის სირთულეს" - აღნიშნა მან.
tabula.ge