თავბრუსხვევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელსაც პაციენტები ექიმთან მიმართვის მიზეზად ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამომწვევი მიზეზი ხშირად ვესტიბულურ სისტემასთან არის დაკავშირებული, თავბრუსხვევა შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის, მხედველობისა და სხვა სისტემების ფუნქციის დარღვევამაც გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, ხშირი ან განმეორებითი თავბრუსხვევის შემთხვევაში ზუსტი დიაგნოზის დასმა და თვითმკურნალობისგან თავის არიდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თანამედროვე ვესტიბულომეტრია და ვიდეონისტაგმოგრაფია ექიმს ვესტიბულური სისტემის ფუნქციის ობიექტურად შეფასებაში, პერიფერიული და ცენტრალური დარღვევების დიფერენცირებასა და მკურნალობის შესაბამისი ტაქტიკის განსაზღვრაში ეხმარება.

რა სიმპტომები უნდა იყოს საყურადღებო, როგორ ტარდება ვესტიბულური კვლევები და რა დაავადებების გამოვლენაა შესაძლებელი თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდებით — ამ საკითხებზე „კომერსანტთან“ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტორინოლარინგოლოგმა ნინო გოგიამ ისაუბრა.

  • თავბრუსხვევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია. რა შემთხვევაში შეიძლება თავბრუსხვევა ვესტიბულური სისტემის დარღვევასთან იყოს დაკავშირებული და რა სიმპტომები უნდა იყოს პაციენტისთვის საყურადღებო?

თავბრუსხვევა სიმპტომია და არა დამოუკიდებელი დაავადება. იგი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული და დაკავშირებული როგორც ვესტიბულური სისტემის, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის, მხედველობისა და სომატოსენსორული სისტემების ფუნქციის დარღვევასთან.

ვესტიბულური სისტემის დაზიანების ან დისფუნქციის შემთხვევაში პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს ბრუნვითი თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, სივრცეში დეზორიენტაცია, სიარულის არასტაბილურობა, გულისრევა და ზოგჯერ ღებინებაც.

ვესტიბულური თავბრუსხვევის დიაგნოსტიკა ეფუძნება ანამნეზის დეტალურ შეკრებას, კლინიკურ-ნევროლოგიურ და ოტო-ნევროლოგიურ გამოკვლევას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ინსტრუმენტულ კვლევას.

დიაგნოსტიკის პროცესში მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორები: თავბრუსხვევის ხასიათის განსაზღვრა, სიმპტომების გამომწვევი ფაქტორების შეფასება და თანმხლები სიმპტომების გამოვლენა.

საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ვესტიბულომეტრიული კვლევაც. მიღებული მონაცემების საფუძველზე კი ტარდება დიფერენციული დიაგნოსტიკა პერიფერიულ და ცენტრალურ დარღვევებს შორის.

  • რა არის ვესტიბულომეტრია, რას აფასებს კვლევა და რა მნიშვნელობა აქვს მის ჩატარებას თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზის ზუსტად დასადგენად?

ვესტიბულომეტრია წარმოადგენს ვესტიბულური აპარატის ფუნქციური მდგომარეობის შეფასების მეთოდს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ვესტიბულური სისტემის ფუნქციის, თვალის მოძრაობებისა და ნისტაგმის თავისებურების ობიექტური შეფასება.

კვლევის პროცესში ფასდება სპონტანური და პროვოცირებული ნისტაგმი, მისი მიმართულება, ინტენსივობა და ხასიათი. ასევე შესაძლებელია ვესტიბულო-ოკულარული რეფლექსის შეფასება და სხვადასხვა პოზიციური ტესტების ჩატარება.

კვლევის შედეგების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნისტაგმის მიმართულებასა და ინტენსივობას, პასუხის ლატერალიზაციასა და ვესტიბულურ ასიმეტრიას.

მიღებული მონაცემები გამოიყენება ცენტრალური ან პერიფერიული ვესტიბულური დისფუნქციის დიაგნოსტიკისათვის. ვესტიბულომეტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვესტიბულური სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებაში, დარღვევის გამოვლენასა და შემდგომი დიაგნოსტიკური და სამკურნალო ტაქტიკის განსაზღვრაში.

  •  რა შესაძლებლობებს აერთიანებს თანამედროვე ვესტიბულომეტრია და კონკრეტულად რას მოიცავს ვიდეონისტაგმოგრაფია?

თავბრუსხვევის ობიექტური შესწავლის არაინვაზიური თანამედროვე მეთოდია ვიდეონისტაგმოგრაფია.

ვიდეონისტაგმოგრაფია წარმოადგენს ვესტიბულური სისტემის კვლევის მეთოდს, რომელიც ეფუძნება თვალის მოძრაობის ჩაწერასა და ანალიზს სპეციალური ვიდეოკამერის მეშვეობით.

კვლევის პროცესში პაციენტს ერგება სპეციალური სათვალე, რომელშიც დამონტაჟებული ინფრაწითელი ვიდეოკამერა უწყვეტ რეჟიმში აფიქსირებს თვალის მოძრაობას.

სხვადასხვა ტესტისა და სტიმულაციის, მათ შორის პოზიციური და კალორიული ტესტების დროს ჩაწერილი მონაცემები გადაეცემა კომპიუტერულ პროგრამას, სადაც ხდება მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი.

ვიდეონისტაგმოგრაფიის უპირატესობა არის დიაგნოსტიკის მაღალი სიზუსტე და სანდოობა.

  • როგორ მიმდინარეობს ვესტიბულომეტრიის კვლევა პაციენტისთვის — რამდენ ხანს გრძელდება, არის თუ არა მტკივნეული და როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი კვლევისთვის?

ვესტიბულომეტრია ტარდება ღია სივრცეში, კომფორტულ და მშვიდ გარემოში. კვლევა დაახლოებით 1 საათიდან 1 საათ-ნახევრამდე გრძელდება, თუმცა ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და პაციენტზეა დამოკიდებული.

გამოკვლევას ვიწყებ ანამნეზის შეკრებით, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანამნეზის შეკრების დროს ვარკვევთ, არის თუ არა ჩივილი ვესტიბულური წარმოშობის. ასევე ვარკვევთ, რას გრძნობს პაციენტი თავბრუსხვევის დროს და რას გულისხმობს ის თავბრუსხვევაში. ვადგენთ შეტევის ხასიათს- არის თუ არა ის მწვავე, სპონტანური ან ეპიზოდური  და ვარკვევთ ეპიზოდის ხანგრძლივობას.

მნიშვნელოვანია იმის დადგენაც, რას გრძნობს პაციენტი ეპიზოდებს შორის — გაბრუებას, არამდგრადობის შეგრძნებას თუ სხვა სიმპტომს. ასევე ვარკვევთ, ახლავს თუ არა თავბრუსხვევას ყურში ხმაური, სმენის დაქვეითება, ყურის დაგუბების ან სისავსის შეგრძნება.

ანამნეზის შეკრების შემდეგ ვიწყებთ ვიდეონისტაგმოგრაფიის ტესტებს. ყოველი ტესტის წინ აუცილებლად ვუხსნი პაციენტს, რას ვაკეთებ და რა შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტულმა ტესტმა.

პროცედურა არ არის მტკივნეული, თუმცა კვლევის დროს პაციენტს შესაძლოა თავბრუსხვევა გამოუვლინდეს. კვლევისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის. თუ პაციენტი თავბრუსხვევის საწინააღმდეგო მედიკამენტებს იღებს, ვთხოვთ, კვლევამდე ბოლო 24 საათის განმავლობაში არ მიიღოს.

  • რომელი ვესტიბულური დაავადებებისა და დარღვევების გამოვლენაში გვეხმარება ვესტიბულომეტრია და როგორ ეხმარება კვლევის შედეგები ექიმს მკურნალობის სწორი ტაქტიკის განსაზღვრაში?

ვესტიბულომეტრიის საშუალებით შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი დაავადებები: კეთილთვისებიანი, პაროქსიზმული, პერიფერიული თავბრუსხვევა, ე.წ. BPPV და ვესტიბულური ნევრიტი, მენიერის დაავადება, პერილიმფური ფისტულა, ორმხრივი ვესტიბულური ჰიპოფუნქცია, ვესტიბულური სისტემის ასიმეტრია.

ვიდეონისტაგმოგრაფიის შედეგები ეხმარება ექიმს ზუსტი დიაგნოზის დადგენასა და შესაბამისი მკურნალობის დროულად ჩატარებაში.

  • რა უპირატესობა აქვს ვესტიბულური დარღვევების დიაგნოსტირებას სპეციალიზებულ ოტორინოლარინგოლოგიურ ცენტრში, სადაც შესაძლებელია პაციენტის კომპლექსური შეფასება და საჭირო დამატებითი კვლევების ჩატარებაც?

სპეციალიზებულ ოტორინოლარინგოლოგიურ ცენტრში ვესტიბულური დარღვევების მქონე პაციენტს აქვს საშუალება, რომ ჩაუტარდეს კომპლექსური კვლევა, დაწყებული ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაციით, გაგრძელებული ვესტიბულომეტრიით და ვიდეონისტაგმოგრაფიით.

თუ პაციენტს ყურის სიმპტომატიკა აწუხებს: ყურში ხმაური, დაგუბების შეგრძნება, საშუალება გვაქვს, ასეთ პაციენტს ჩაუტარდეს აუდიომეტრია და ტიმპანომეტრიაც.

  • რა შესაძლებლობები აქვს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრს ვესტიბულური პრობლემების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით და რა როლს ასრულებს თანამედროვე აპარატურა და მულტიდისციპლინური მიდგომა პაციენტის მართვაში?

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე უახლესი აპარატურით, რომელიც გვეხმარება პაციენტის მდგომარეობის შეფასებაში, კვლევების ჩატარებაში და დიაგნოსტიკის სიზუსტეში, რათა პაციენტს დაუდგინდეს ზუსტი დიაგნოზი და ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა.

  • რა შემთხვევაში არ უნდა გადადოს პაციენტმა ექიმთან მიმართვა და რატომ არის მნიშვნელოვანი ხშირი ან განმეორებითი თავბრუსხვევის დროს თვითმკურნალობის ნაცვლად მიზეზის დროული დიაგნოსტირება?

პაციენტმა ექიმთან მიმართვა არ უნდა გადადოს, როცა თავბრუსხვევა პირველად, უეცრად და ძალიან ინტენსიურად დაიწყო, განსაკუთრებით თუ მუდმივია. ასევე, როცა თავბრუსხვევას თან ახლავს მეტყველების გაძნელება, მხედველობის გაორება, სახის ან კიდურების დაბუჟება ან სისუსტე და სიარულის მკვეთრი დარღვევა — ასეთ შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო შეფასება, რათა გამოირიცხოს თავის ტვინის მძიმე პათოლოგია, მათ შორის ინსულტი.

თუ თავბრუსხვევა ხშირად უმიზეზოდ მეორდება, საჭიროა გეგმური, მაგრამ არა გადადებული შეფასება.

გამეორებითი ვერტიგოს დროს მიზეზის დროული დიაგნოსტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ერთი და იგივე თავბრუსხვევას შეიძლება მრავალი სრულად განსხვავებული მიზეზი ჰქონდეს, მაგალითად, კეთილთვისებიანი პოზიციური ვერტიგო, ვესტიბულური შაკიკი, მენიერის დაავადება, ვესტიბულური ნევრიტი ან ნეირონიტი და სხვა.

მხოლოდ სიმპტომებით მათი საიმედო გარჩევა ყოველთვის შეუძლებელია. თავბრუსხვევის განმეორებითი შეტევის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეტევის დროისა და გამომწვევი ფაქტორების შეფასება, რამდენ ხანს გრძელდება, რა იწვევს, ახლავს თუ არა სმენის ცვლილება, თავის ტკივილი, გულისრევა და ნევროლოგიური ნიშნები.

სწორედ ამის განსაზღვრა ეხმარება ექიმს, რათა სწორად შეარჩიოს შემდეგი კვლევები.