ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკაში, დაავადების გავრცელების შეფასებასა და მკურნალობის დაგეგმვაში.
რა შემთხვევაშია რეკომენდებული კვლევა, ვისთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და რა უპირატესობებით გამოირჩევა მამოგრაფიასა და ულტრაბგერით კვლევასთან ერთად გამოყენებისას - ამ თემებზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმმა რადიოლოგმა, მედიცინის დოქტორმა მაია გაგუამ “კომერსანტთან” ინტერვიუში ისაუბრა.
ინტერვიუს სრული სახით გთავაზობთ:
- ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკაში მამოგრაფია და ულტრაბგერითი კვლევა უკვე მრავალი წელია ფართოდ გამოიყენება. რა შემთხვევაში ხდება საჭირო ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება და რა უპირატესობა აქვს მას?
ძუძუს მრტ გამოიყენება სკრინინგის მიზნით მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (ოჯახური ანამნეზის ან/და BRCA1 ან BRCA2 მუტაციის არსებობის შემთხვევაში), ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკაში, განსაკუთრებით მკვრივი ძუძუს შემთხვევაში, როცა მამოგრაფიით ან/და ულტრაბგერითი კვლევით შეფასება მკვეთრად გართულებულია, ასევე ძუძუს მულტიფოკალური დაზიანების შემთხვევაში, კიბოზე საეჭვო უბნის დროული გამოვლენის მიზნით. კვლევა გამოიყენება პრექირურგიული დაგეგმარებისთვის, სიმსივნის გავრცელებისა და სტადიურობის დადგენის, სიმსივნის რეციდივის გამოვლენისა და პოსტოპერაციულ ნაწიბურსა და სიმსივნის რეციდივს შორის დიფერენცირების მიზნით. გარდა ამისა, ძუძუს მრტ გამოიყენება ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპიის ეფექტურობისა და სხივური თერაპიის შემდგომი ცვლილებების შესაფასებლად, იმპლანტების მდგომარეობის (სილიკონის რუპტურა და სხვა გართულებები) შესასწავლად, ასევე ორსულ და მეძუძურ პაციენტებში ძუძუს დაავადებათა სადიაგნოსტიკოდ.
- რა შესაძლებლობებს სთავაზობს „ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგიის ცენტრი პაციენტებს ძუძუს მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის მიმართულებით და რა უპირატესობას ქმნის თანამედროვე ტექნოლოგიები, გამოცდილი რადიოლოგების გუნდი და კვლევის შედეგების მაღალპროფესიული შეფასება ზუსტი დიაგნოსტიკისთვის?
ნიუ ჰოსპიტალსის რადიოლოგიის ცენტრი პაციენტებს სთავაზობს ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას — თანამედროვე, მაღალინფორმაციულ კვლევას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძუძუს პათოლოგიების გამოვლენასა და შეფასებაში.
თუმცა, ზუსტი დიაგნოსტიკა მხოლოდ თანამედროვე აპარატურაზე არ არის დამოკიდებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია კვლევის სწორად დაგეგმვა, შესაბამისი პროტოკოლის შერჩევა და მიღებული გამოსახულებების გამოცდილი რადიოლოგის მიერ ინტერპრეტაცია. სწორედ ტექნოლოგიის, პროფესიული გამოცდილებისა და კვლევის შედეგების კომპლექსური შეფასების ერთობლიობა ქმნის საფუძველს მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკისთვის.
ჩვენი მიზანია, თითოეულ პაციენტს შევთავაზოთ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული დიაგნოსტიკური მიდგომა, რათა მიღებული ინფორმაცია დაეხმაროს მკურნალ ექიმს შემდგომი მართვის სწორი ტაქტიკის განსაზღვრაში. საბოლოო ჯამში, ხარისხიანი რადიოლოგიური დიაგნოსტიკა მხოლოდ დაავადების აღმოჩენას კი არა, პაციენტის დროულ და სწორ მართვას ემსახურება.
- ვისთვის შეიძლება იყოს რეკომენდებული ძუძუს სკრინინგის მიზნით მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და რამდენად მნიშვნელოვანია კვლევა მაღალი რისკის მქონე ქალებისთვის, მათ შორის ოჯახური ანამნეზის შემთხვევაში?
ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია სკრინინგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალინფორმაციული მეთოდია და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ძუძუს კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალებისთვის.
ასეთ ჯგუფს მიეკუთვნებიან ქალები, რომელთაც სიცოცხლის განმავლობაში ძუძუს კიბოს განვითარების მნიშვნელოვნად მომატებული რისკი აქვთ, მათ შორის — დატვირთული ოჯახური ანამნეზის, გარკვეული მემკვიდრეობითი გენეტიკური მუტაციების, მაგალითად BRCA1-ისა და BRCA2-ის მატარებლობის, ან ახალგაზრდა ასაკში გულმკერდის არეში ჩატარებული სხივური თერაპიის გამო.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახური ანამნეზის სწორად შეფასება. თუ ქალის დედას და ან სხვა ახლო ნათესავს ძუძუს კიბო ახალგაზრდა ასაკში ჰქონდა, ეს შეიძლება დამატებითი რისკის მაჩვენებელი იყოს და საჭიროებდეს ინდივიდუალურ შეფასებას. ასეთ შემთხვევებში, ოჯახის ისტორიისა და სხვა რისკფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლოა რეკომენდებული იყოს დამატებითი გენეტიკური კონსულტაცია და ძუძუს MRI-ს ჩართვა სკრინინგის პროგრამაში.
- რა დამატებით ინფორმაციას გვაძლევს ეს კვლევა უკვე გამოვლენილი სიმსივნური პროცესის დროს და როგორ გვეხმარება სიმსივნის გავრცელების, მრავალკეროვანი დაზიანებებისა და სტადიის შეფასებაში?
უკვე გამოვლენილი სიმსივნური პროცესის დროს ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მნიშვნელოვან დამატებით ინფორმაციას გვაწვდის, რაც დაავადების გავრცელების უფრო სრულყოფილად შეფასებისა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის განსაზღვრისთვის არის საჭირო.
MRI გვაძლევს სიმსივნის ზომის, ლოკალიზაციისა და მიმდებარე ქსოვილებთან მისი ურთიერთმიმართების დეტალურად შეფასების შესაძლებლობას. ამასთანავე, კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამატებითი სიმსივნური კერების გამოსავლენად. ეს გვეხმარება განვასხვავოთ ერთეული კერა მრავალკეროვანი ან მულტიცენტრული დაზიანებისგან, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ქირურგიული ჩარევის დაგეგმვაზე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სიმსივნის გავრცელების შეფასება მიმდებარე ქსოვილებში. მიღებული ინფორმაცია მკურნალ გუნდს ეხმარება დაავადების ადგილობრივი გავრცელების უკეთ გააზრებასა და ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობის გეგმის შემუშავებაში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ MRI-ს შესაძლებლობები მხოლოდ სიმსივნის ზომის განსაზღვრით არ შემოიფარგლება. კონტრასტული გაძლიერების დინამიკისა და სხვა გამოსახულებითი მახასიათებლების შეფასება გვაწვდის ინფორმაციას დაზიანების ხასიათის შესახებ და გვეხმარება დამატებითი საეჭვო უბნების იდენტიფიცირებაში.
- რამდენად მნიშვნელოვანია ძუძუს მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ქირურგიული ჩარევის დაგეგმვისა და მკურნალობის და პოსტოპერაციულ პერიოდში?
ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ძუძუს კიბოს მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე — როგორც ქირურგიული ჩარევის დაგეგმვისას, ისე მკურნალობის ეფექტიანობისა და პოსტოპერაციული მდგომარეობის შეფასებისას.
ოპერაციამდე MRI გვეხმარება სიმსივნის ზომისა და ადგილობრივი გავრცელების უფრო ზუსტად განსაზღვრაში, დამატებითი კერების გამოვლენასა და მეორე ძუძუს შეფასებაში. ეს ინფორმაცია ქირურგისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპერაციის მოცულობისა და ტაქტიკის განსაზღვრისას, რათა შესაძლებელი გახდეს ონკოლოგიურად გამართლებული და ამავდროულად მაქსიმალურად ინდივიდუალიზებული მიდგომის შერჩევა.
ნეოადიუვანტური მკურნალობის, ანუ ოპერაციამდე ჩატარებული სისტემური თერაპიის შემთხვევაში, MRI საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ სიმსივნის ზომისა და კონტრასტული გაძლიერების ცვლილებები მკურნალობის პროცესში. ეს ეხმარება მკურნალ გუნდს თერაპიაზე პასუხის შეფასებასა და შემდგომი მართვის დაგეგმვაში. ამასთან, გამოსახულებითი კვლევით მიღებული პასუხი ყოველთვის სრულად არ ემთხვევა სიმსივნური უჯრედების რეალურ ნარჩენ რაოდენობას, ამიტომ საბოლოო შეფასება სხვა კლინიკურ და პათოლოგიურ მონაცემებთან ერთად ხდება.
პოსტოპერაციულ პერიოდში MRI განსაკუთრებით სასარგებლოა შერჩეულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ნაწიბუროვანი ცვლილებებისა და სიმსივნის შესაძლო ნარჩენი ან რეციდიული პროცესის დიფერენცირება. კონტრასტული გაძლიერების ხასიათი, დაზიანების მდებარეობა და დროში ცვლილება რადიოლოგს დამატებითი ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. თუმცა კვლევის ჩატარების დრო და მიზანშეწონილობა ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს, რადგან ოპერაციის შემდგომმა ანთებითმა და შეხორცებითმა ცვლილებებმა შესაძლოა ინტერპრეტაცია გაართულოს.
მნიშვნელოვანია, რომ ძუძუს MRI არ განვიხილოთ იზოლირებულ კვლევად. მისი შედეგები უნდა შეფასდეს მამოგრაფიის, ულტრაბგერითი კვლევის, ჰისტოლოგიური პასუხისა და პაციენტის კლინიკური მონაცემების გათვალისწინებით.
საბოლოო ჯამში, თანამედროვე MRI ტექნოლოგიები და რადიოლოგის გამოცდილება მკურნალ გუნდს საშუალებას აძლევს, მიიღოს უფრო სრულყოფილი ინფორმაცია დაავადების შესახებ და თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის მაქსიმალურად დასაბუთებული ტაქტიკა შეარჩიოს.
- როგორ ტარდება ძუძუს მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, რას გულისხმობს კვლევის დროს კონტრასტირება და რამდენად ხანგრძლივი და კომფორტულია კვლევა პაციენტისთვის?
ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არაინვაზიური, უმტკივნეულო და მაღალინფორმაციული კვლევაა, რომელიც ძუძუს ქსოვილების დეტალური გამოსახულების მიღების საშუალებას გვაძლევს მაგნიტური ველისა და რადიოსიხშირული იმპულსების გამოყენებით, მაიონიზირებელი გამოსხივების გარეშე. მნიშვნელოვანია, პაციენტი მთელი კვლევის განმავლობაში მაქსიმალურად მშვიდად და უძრავად იწვეს, რათა მივიღოთ მაღალი ხარისხის გამოსახულებები.
ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს ხდება ძუძუს დინამიური კონტრასტირება და მიღებული შედეგების მულტიპარამეტრული ანალიზი, რაც გვაძლევს საშუალებას შევისწავლოთ წარმონაქმნის როგორც ანატომიური (ფორმა, ზომა, სტრუქტურა, კონტურები...), ასევე ფუნქციური მახასიათებლები (კეთილთვისებიანია პროცესი თუ ავთვისებიანი).
ძუძუს მაგნიტურ რეზონანსული კვლევა უსაფრთხო და უვნებელია ყველა ასაკის პაციენტისთვის, ის არ შეიცავს სხივურ დატვირთვას, კვლევა უმტკივნეულოა, ხანგრძლივობა - 30 წთ. ჩვენი მიზანია, პაციენტმა კვლევა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიტაროს და მიიღოს მაქსიმალურად ხარისხიანი დიაგნოსტიკური შედეგი. პაციენტის სწორად მომზადება, თანამედროვე ტექნოლოგია და გამოცდილი რადიოლოგის მიერ მიღებული გამოსახულებების შეფასება განაპირობებს კვლევის მაღალ დიაგნოსტიკურ ღირებულებას.
დამატებითი ინფორმაცია:
ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მამოგრაფიასა და ულტრაბგერით კვლევასთან შედარებით კვლევის ახალი მეთოდია და ზემოთაღნიშნულ მეთოდებთან ერთად ძუძუს პათოლოგიათა დიაგნოსტიკაში მაღალინფორმაციულ და სრულყოფილ მეთოდს წარმოადგენს.
ძუძუს მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია უსაფრთხო, უმტკივნეულო და უვნებელი კვლევაა ყველა ასაკის პაციენტისთვის, მათ შორის ორსულებისთვის, ის არ შეიცავს სხივურ დატვირთვას. რა შემთხვევაში ინიშნება ძუძუს მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და რა უპირატესობებით გამოირჩევა, ამ თემაზე ისაუბრებს ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი - მაია გაგუა.