საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მდინარე არაგვზე არსებულ ხიდთან მოძრაობის დროებითი სქემის ორგანიზებისთვის დამატებით ღონისძიებებს ახორციელებს.

პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, სენაკი–თბილისის მიმართულებით, დროებით იზღუდება 3 500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.

მოძრაობის უსაფრთხოდ და შეუფერხებლად ორგანიზების მიზნით, შესაბამის მონაკვეთებზე მოეწყო დამატებითი საგზაო ნიშნები და მოძრაობის ორგანიზებისთვის საჭირო სხვა ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, მიმართულების მაჩვენებლები.

3 500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატრანსპორტო საშუალებები თბილისის მიმართულებით იმოძრავებენ ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურისა და ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაურის საავტომობილო გზების გავლით და ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით დაუკავშირდებიან თბილისი–სენაკი–ლესელიძისა და თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზებს.

მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის ხიდზე მოძრაობა თავისუფალია და არსებული რეჟიმით გრძელდება. საპირისპირო, თბილისი–სენაკის მიმართულებით მოძრაობის რეჟიმი არ იცვლება.

აღნიშნული გადაწყვეტილება პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს არსებულ ხიდზე დატვირთვის შემცირებასა და მოძრაობის შესაძლო შეფერხებების თავიდან აცილებას.

არსებული ხიდის პარალელურად ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება. ახალი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გააუმჯობესებს აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოძრაობის დროებითი სქემის მოქმედების პერიოდში უზრუნველყოფს ალტერნატიულ მარშრუტებზე გზების მდგომარეობის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) ფარგლებში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, გადაადგილებისას გაითვალისწინონ მოძრაობის დროებითი სქემა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს