თბილისში, საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ, დავით აღმაშენებლის ხეივნის N60-ში პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის თავდაპირველი ღირებულება 23.9 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა ხელშეკრულებაში განხორციელებული რამდენიმე ცვლილების შედეგად მისი ფასი 26.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
პროექტის მიხედვით, ძირითადი ადმინისტრაციული შენობა ოთხსართულიანი იქნება და მისი საერთო ფართობი 9 800 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ორსართულიანი მოქალაქეთა მისაღები სივრცე.
მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაეცნენ. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებული მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ფონდმა სამუშაოების შესასრულებლად კონტრაქტი ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბრიტანია ქონსთრაქშენთან“ 2023 წლის ივნისში გააფორმა.
ამ დროისთვის პროექტზე 16.7 მილიონი ლარია გადახდილი. ხელშეკრულების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები 2026 წლის 13 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, ახალი შენობა თანამშრომლების სამუშაო საჭიროებებზე იქნება მორგებული და პროკურატურის საქმიანობისთვის თანამედროვე პირობებს შექმნის. შენობაში თბილისის რაიონული პროკურატურები განთავსდება, რომელთა თანამშრომლებსაც ამჟამად სხვადასხვა შენობაში გამოყოფილ სივრცეებში უწევთ მუშაობა.
პროექტი ასევე ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების სასწავლო ცენტრისა და ბავშვზე მორგებული, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფილი გამოკითხვის ოთახის მოწყობას.
ამ ეტაპზე ადმინისტრაციული შენობის რკინაბეტონის კონსტრუქციის სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთება, ხოლო შენობის შიდა სივრცეებში საინჟინრო და სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.
პარალელურად, ტერიტორიაზე კეთდება ცენტრალური ღობე, სადრენაჟე და წყალარინების სისტემები. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია რეკრეაციული სივრცის მოწყობა.
ორსართულიანი მოქალაქეთა მისაღები სივრცე მოქალაქეებისთვის შესაბამისი სერვისების უფრო კომფორტულ გარემოში მიღებას უნდა უზრუნველყოფდეს.