ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში მცხოვრებლების ნაწილი უკვე წლებია სასმელი წყლის გარეშე ცხოვრობს. ადგილობრივების თქმით, არაერთი მიმართვისა და დაპირების მიუხედავად, პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
სოფლის მცხოვრებმა სერგო ჩახოიანმა Tok2Region-ს განუცხადა, რომ სოფელს სასმელი წყალი დღემდე არ მიეწოდება.
„სოფელი მაშინ იქნება კარგი, როცა წყალი იქნება“, — ამბობს იგი.
ადგილობრივების ინფორმაციით, უკვე დაახლოებით რვა წელია მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან სასმელი წყალი არ აქვს. საჭირო წყალს ნაწილი სოფელში არსებული წყაროდან ეზიდება, ნაწილი კი მეზობელი სოფლიდან მოაქვს.
სოფელში არსებული წყარო მოსახლეობის ნაწილისთვის სასმელი წყლის ერთადერთ წყაროდ რჩება. მათ შორისაა ფერმერი გიორგი ლომიძე, რომელმაც Tok2Region-თან საუბრისას აღნიშნა, რომ სასმელი წყლის სათავე გასულ წელს შეაკეთეს, თუმცა ინფრასტრუქტურა მალევე დაზიანდა.
ადგილობრივების თქმით, წყლის დეფიციტი მხოლოდ საყოფაცხოვრებო პრობლემებს არ ქმნის. მათი განმარტებით, წყლის სიმცირე გავლენას ახდენს ნათესების მორწყვაზეც, რაც სოფლის მეურნეობით დაკავებული ოჯახების შემოსავალზე აისახება.
პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს, ვარლამ წიკლაურს. როგორც მან Tok2Region-ს განუცხადა, საკითხის მოგვარება „მარტივი პროცესი არ არის“, საჭიროებს „ბევრ ფინანსებს“ და მუნიციპალიტეტი „კარგ გამოსავალზე ფიქრობს“.
მერმა არ დააკონკრეტა, რა ტიპის პროექტი განიხილება და როდის შეიძლება დაიწყოს მისი განხორციელება.
ამავე დროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, წყლის სისტემების განვითარებისთვის 2.2 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
სანამ მუნიციპალიტეტი პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს, წნისში მცხოვრებლებს სასმელი წყლის მოტანა კვლავ სოფლის წყაროდან ან მეზობელი დასახლებებიდან უწევთ.