საქართველოში ცივი საწყობების მოცულობა ექვს წელიწადში გაორმაგდა.

საქართველოში ცივი საწყობების მოცულობა სწრაფად იზრდება. 2019 წელს ქვეყანაში არსებული სამაცივრე ინფრასტრუქტურის საერთო მოცულობა 162 ათასი კუბური მეტრი იყო, 2025 წელს კი მაჩვენებელმა 365 ათას კუბურ მეტრს მიაღწია.

ექვს წელიწადში ზრდამ დაახლოებით 125% შეადგინა. განსაკუთრებით დიდი მატება 2025 წელს დაფიქსირდა, როდესაც მოცულობა წინა წლის 292 ათასი კუბური მეტრიდან 365 ათასამდე გაიზარდა.

რეგიონების მიხედვით, ქვეყნის ცივი საწყობების 37% შიდა ქართლშია განთავსებული. თბილისზე 32%, სამეგრელო-ზემო სვანეთზე 12%, აჭარაზე კი მხოლოდ 1% მოდის. დანარჩენი რეგიონების ჯამური წილი 18%-ია.

ინფრასტრუქტურის განაწილება დიდწილად სოფლის მეურნეობის წარმოების გეოგრაფიასა და პროდუქტების შენახვის საჭიროებას ასახავს. ცივი საწყობები ფერმერებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს პროდუქციის დანაკარგის შემცირებისა და გაყიდვების პერიოდის გახანგრძლივების შესაძლებლობას აძლევს.