ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ ევროკავშირის სახელით 14 აგვისტოს გამოქვეყნებული სამი განცხადების მიხედვით, საქართველო არ ფიგურირებს იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც საკუთარი ეროვნული პოლიტიკა ირანის წინააღმდეგ EU-ს მიერ ივლისში მიღებულ სამ სანქციურ გადაწყვეტილებათან თანხვედრაში მოიყვანეს.
ცნობისთვის, 24 ივლისს მიღებული სამი გადაწყვეტილება ეხება უკრაინასთან ომში ირანის მიერ რუსეთის სამხედრო მხარდაჭერას, ახლო აღმოსავლეთში თეირანის მხრიდან შეიარაღებული ჯგუფების დახმარებასა და ნაოსნობის თავისუფლების ხელყოფას, ირანში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებსა და ისლამური რეჟიმის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ სანქციებს.
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან ქვეყნების მიერთების შესახებ გამოქვეყნებული განცხადებების მიხედვით, სამივე გადაწყვეტილებას ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და უკრაინა, ასევე ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია შეუერთდნენ. საქართველო კი არცერთ განცხადებაში არ ფიგურირებს. ამასთან, სიებში ასევე არ არიან სერბეთი და თურქეთი.
გავრცელებული განცხადებების მიხედვით, ევროკავშირი მიესალმება ხსენებული ქვეყნების მიერ ირანის წინააღმდგ EU-ს სანქციურ გადაწყვეტილებებთან ეროვნული პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანას.
EU-ს ერთ-ერთი გადაწყვეტილება ეხება სანქციებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში თეირანის მიერ რუსეთის მხარდაჭერას, ახლო აღმოსავლეთსა და წითელი ზღვის რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებებისა და სუბიექტების დახმარებას, და ასევე რეგიონში ნაოსნობის თავისუფლების ხელყოფას უკავშირდება.
24 ივლისს ევროკავშირის საბჭომ შესაბამისი შემზღუდავი ზომების მოქმედება 2027 წლის 27 ივლისამდე გაახანგრძლივა და სანქცირებულთა სიიდან ოთხი პირი ამოიღო.
ივლისში მიღებული მეორე გადაწყვეტილებით, ევროკავშირის საბჭომ ირანში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი კიდევ ექვსი პირი დაასანქცირა. მათ შორის არიან ხუთი ირანელი მოსამართლე და ჰაკერი ნიმა სალეჰი.
საბჭოს განმარტებით, სანქცირებული ხუთი მოსამართლე განიხილავდა პოლიტიკური დისიდენტების, აქტივისტებისა და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების საქმეებს, რის ფარგლებშიც გამოყენებული სასჯელები მოიცავდა სიკვდილით დასჯას, ხანგრძლივ პატიმრობას, გაროზგვას, ჯარიმებსა და სხვა სახის სასჯელებს. სალეჰი კი ირანის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კიბერდაჯგუფება Ashiyane-ის დამფუძნებელ და ერთ-ერთ წამყვან ფიგურადაა დახასიათებული.
აღნიშნული სანქციები მოიცავს ევროკავშირში აქტივების გაყინვას, მგზავრობის აკრძალვასა და სანქცირებული პირებისთვის თანხებისა და ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას.
მესამე გადაწყვეტილება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ შემზღუდავ ზომებს ეხება. EU-ს საბჭომ 24 ივლისს სანქციების სიიდან სამი პირი ამოიღო და ერთი ორგანიზაციის მონაცემები განაახლა, ხოლო სიაში დარჩენილი სხვა პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ არსებული ზომები ძალაში დატოვა.