რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-სა და თურქეთს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების შეიარაღების შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება სერიოზულ ზიანს მიაყენებს მოსკოვის ურთიერთობებს როგორც ვაშინგტონთან, ისე ანკარასთან და შეამცირებს მხარეებს შორის ნდობას. ზახაროვამ ასევე გააკრიტიკა აშშ-ისა და თურქეთის ჩართულობა უკრაინის საკითხზე დიპლომატიურ პროცესებში იმ ფონზე, როდესაც განიხილება კიევისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდება.
საუბარია თურქეთის მარაგებში არსებულ აშშ-ის წარმოების სამხედრო ტექნიკასა და საბრძოლო მასალაზე. Human Rights Watch-ის ინფორმაციით, ანკარამ ვაშინგტონს უკრაინისთვის ათობით ათასი კასეტური საბრძოლო მასალისა და სხვა შეიარაღების გადაცემის ნებართვა სთხოვა. ორგანიზაციის მონაცემებით, დაგეგმილი დაახლოებით 256 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი მოიცავს 12 ერთეულ M270 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 70 ერთეულ M39 ATACMS რაკეტას, 2 524 ერთეულ M26 რაკეტასა და 47 000 ერთეულ M509A1 ტიპის 203 მმ საარტილერიო ჭურვს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონგრესისთვის 6 აგვისტოს გაგზავნილი შეტყობინების თანახმად, ვაშინგტონი მზად არის აღნიშნული გადაცემა დაუშვას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინა ამ სისტემების შეძენას თავდაცვითი და შეტევითი საცეცხლე შესაძლებლობების გასაძლიერებლად გეგმავს.
ამ ეტაპზე საუბარია გადაცემის პროცედურაზე და არა უკვე დასრულებულ მიწოდებაზე. სწორედ ამიტომ, ფორმულირება, რომ უკრაინამ შეიარაღება უკვე „შეიძინა“, ზუსტი არ არის.
წყაროები:
EFE:
https://efe.com/english/latest-news/2026-08-15/russia-us-turkey-ukraine-arms-explanations/
Human Rights Watch:
https://www.hrw.org/news/2026/08/11/turkiye-seeks-to-transfer-us-cluster-munitions-to-ukraine
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:
https://mid.ru/en/foreign_policy/international_safety/2133320/