თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანება ანკარისთვის პრიორიტეტი აღარ არის. ამის შესახებ მან Al Jazeera-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ერდოღანის თქმით, ევროკავშირი, როგორც ჩანს, თურქეთის გაწევრიანებით დაინტერესებული არ არის. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შექმნილი მდგომარეობით უფრო მეტად ევროპა ზარალდება.
„ევროკავშირი, როგორც ჩანს, თურქეთის მიღებისთვის მზად არ არის. ეს ჩვენთვის პრიორიტეტი აღარ არის და ამით ევროპა იქნება წაგებული“, თქვა ერდოღანმა.
განცხადება განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ თურქეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა რჩება, თუმცა გაწევრიანების მოლაპარაკებები 2018 წლიდან ფაქტობრივად შეჩერებულია. ევროკავშირის საბჭომ 2025 წლის დეკემბერში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსებული პირობების გათვალისწინებით მოლაპარაკებების ახალი თავების გახსნა ან დახურვა არ იგეგმება.
ევროკომისიის შეფასებით, თურქეთი ევროკავშირისთვის კვლავ მნიშვნელოვანი პარტნიორია ვაჭრობის, უსაფრთხოების, მიგრაციისა და რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებებით. ამასთან, ბრიუსელი წლების განმავლობაში მიუთითებს ქვეყანაში კანონის უზენაესობასთან, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
მიუხედავად პოლიტიკური უთანხმოებისა, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ეკონომიკური კავშირები მჭიდრო რჩება. ევროკომისიის მონაცემებით, 2023 წელს თურქეთი ევროკავშირის მეხუთე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, ორმხრივმა ვაჭრობამ კი 206 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
Al Jazeera-სთან ინტერვიუში ერდოღანი აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობასაც შეეხო. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან F-35 ტიპის გამანადგურებლებთან დაკავშირებით დაპირება მიიღო და მის შესრულებას ელოდება. თურქეთი F-35-ის პროგრამიდან 2019 წელს რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის შემდეგ გააძევეს.
წყაროები:
- Al Jazeera:
https://www.aljazeera.com/news/2026/8/15/erdogan-says-egypt-could-join-turkiye-saudi-pakistan-defence-pact - ევროკავშირის საბჭო, Enlargement Conclusions 2025:
https://data.consilium.europa.eu/doc/document/ST-16933-2025-INIT/en/pdf - ევროკავშირის საბჭო / 2025 Enlargement Package:
https://data.consilium.europa.eu/doc/document/ST-14899-2025-INIT/en/pdf - Reuters, თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტი:
https://www.reuters.com/world/middle-east/turkeys-erdogan-says-country-could-part-ways-with-eu-if-necessary-2023-09-16/