პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით (1 წინააღმდეგი) მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები კვლავ ერთ სამინისტროდ გაერთიანდებიან. გარდა ამისა, უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად პარლამენტს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარუდგინა.
ბაჩიაშვილის თქმით, ორივე სამინისტროს მხრიდან - როგორც რეგიონული, ისე ინფრასტრუქტურული პოლიტიკის მიმართულებით, დაინერგა და ხორციელდება კონტროლსა და ხარისხზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურული და რეგიონული პროექტების მართვის სისტემა.
“ამ გამოცდილების ერთ სამინისტროში თავმოყრა როგორც რეგიონული განვითარების, ისე ინფრასტრუქტურის მიმართულებას უკეთეს შესაძლებლობას სძენს“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.