ოზურგეთი–თბილისის დამაკავშირებელი სახელმწიფო მნიშვნელობის გზა კვლავ ავარიულ მდგომარეობაშია. არსებული ვითარების გამო გზა ჩაკეტილია, ხოლო გადაადგილება შეუძლებელია საჯავახოს მონაკვეთზეც.
ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება შემოვლითი გზებით უწევს. მათი განცხადებით, გზის რეაბილიტაციას უკვე სამი წელია ითხოვენ, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
ამასთან, გურიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაჭიანურებული სამუშაოების ფონზე შეიქმნა შთაბეჭდილება თითქოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს — ადგილობრივების თქმით, ავარიულ მონაკვეთზე გზის ორივე მხარეს ადამიანები იყვნენ განთავსებული, რათა პროცესის აქტიური მიმდინარეობის იმიტაცია შექმნილიყო.
"ერთი, ათი წელი არაფერი იქნება, ამის გარანტიასს მე გაძლევთ. აქაური მაცხოვრებელი ვარ, მოვსპეთ მანქანები, მტვერი, ბუღი... ამ ქვეყანას პატრონი ჰყავს? ამ გზაზე, გადაამოწმეთ თუ გინდათ, მუშაობს 4 კაცი, ოთხმა კაცმა როგორ უნდა დაამთავროს 6 კილომეტრიანი მონაკვეთი?" - ამბობს ადგილობრივი.
გზის მდგომარეობასა და სამუშაოების მიმდინარეობაზე კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს ოპოზიციაც.
"ქოცების პირობებში ყველაფერი გვინახავს, გვინახავს გაფლანგული მილიონები, რომელიც წინა მინისტრის პერიოდში დაიწყო და ახლა გამოცვალეს კომპანია, მაგრამ იგივე გრძელდება აბსოლუტურად, მაგრამ დამატებით ვნახულობთ, რომ გარდა ამისა, რომ თავში და ბოლოში აქამდე სხვა ადამიანები იდგნენ, ახლა შეუცვლიათ სტილი და ანუ შრომის უსაფრთხოება კი არა, შრომის უფლებების საერთოდ ფეხებზე დაკიდება კი არა, საერთოდ ადამიანები არიან აქ წამების მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის რომელ სტანდარტებში ჯდება ან ეს მშენებლობა, ან ამდენი ფულის ფლანგვა და ან ადამიანების ამ მდგომარეობაში ჩაყენება", - ამბობს თათია ნიკოლაიშვილი.