ირან-ამერიკა/ისრაელის ომის ფონზეც, როგორც წინა წლებში, დასასვენებელი მიმართულებით ლიდერობს თურქეთი, ხოლო საექსკურსიო მიმართულების ლიდერები არიან: იტალია, საფრანგეთი და თურქეთი.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ტურისტული კომპანია Diverse Travel-ის დამფუძნებელი ნიკა კვარაცხელია განმარტავს, რომ აზიის მიმართულებით მოთხოვნა თითქმის შეჩერებულია.
„გამყვან ტურიზმში აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ორი მიმართულება: დასასვენებელი და საექსკურსიო. დასასვენებელს რაც შეეხება, უკვე დაწყებულია საზაფხულო ჯავშნები. წელსაც, როგორც გასულ წლებში, თურქეთის მიმართულება ლიდერობს და ალბათ, ეს ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური საომარი მოქმედებების პირობებში რამდენიმე მიმართულება გაუქმებულია. განსაკუთრებით დუბაის აეროპორტი იყო ბევრი მიმართულების დერეფანი და აქედან გამომდინარე, აზიისკენ თითქმის საერთოდ შეჩერებულია მოთხოვნა, ამასთან, ძალიან შემცირებულია მოთხოვნა ეგვიპტეზეც, რომელიც ასე თუ ისე წითელ არეალშია.
რაც შეეხება საექსკურსიო მიმართულებას, აქ მოთხოვნა იყო, არის და იქნება იტალიაზე, საფრანგეთსა და თურქეთზე. საფრანგეთის შემთხვევაში, ბუნებრივია, ყველაზე მოთხოვნადი ქალაქი პარიზია. იტალიის მიმართულებით კი მოთხოვნა განსხვავებულია - საინტერესო სამოგზაურო ქალაქები აქვს ჩრდილოეთით და წელს გახდა პოპულარული სამხრეთ იტალიაც, მით უფრო, ერევნის აეროპორტიდან დაემატა ნეაპოლისა და ბარის მიმართულებები“, - აცხადებს ნიკა კვარაცხელია.
მისივე განმარტებით, გამყვან ტურიზმზე მოთხოვნის დინამიკა ძალიან შემცირებულია. თუმცა, ნიკა კვარაცხელია ვარაუდობს, რომ რადგან საომარო მოქმედებების არეალი გარკვეულია, არ არის გამორიცხული, მოთხოვნის დინამიკა ნელ-ნელა გამოსწორდეს.