ანტიმატერია ბოლოს და ბოლოს ჩვეულებრივ გზებზე მოხვდა. ჟენევის სიახლოვეს, CERN-ის ფიზიკის ლაბორატორიის კამპუსთან დაახლოებით 100 ანტიპროტონი სატვირთოს საბარგულით 20 წუთის განმავლობაში ატარეს; ეს დემონსტრაცია ანტიმატერიის მომავალი მიწოდების სერვისის პირველი გამოცდაა. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლებელი გახდება ევროპის მასშტაბით ლაბორატორიების მოთხოვნის საფუძველზე ანტიპროტონების მიწოდება, რათა მოხდეს მათ საიდუმლოთა შესწავლა.

„ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფებით ეტაპზე, როდესაც შესაძლებელი ხდება ანტიმატერიის ტრანსპორტირება. ეს ძალიან დიდი გზა იყო და ამ მიღწევის უკან უზარმაზარი შრომა დგას“, — ამბობს CERN-ის მკვლევარი კრისტიან სმორა.

ყველა მატერიას აქვს თანამოძმე ანტიმატერია, რომელიც თეორიულად მისი იდენტურია და განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ აქვს საპირისპირო მუხტი. მაგალითად, ელექტრონის ანტიმატერია ვერსიაა პიზიტრონი. როცა ანტიმატერიის ნაწილაკი თავის მატერიის ეკვივალენტს ხვდება, ისინი ერთმანეთს ანადგურებენ, ქმნიან ახალ ნაწილაკებს ან ენერგიის გაელვებას, რაც ანტიმატერიის თვისებების შენახვასა და ტესტირებას არასაიმედოს ხდის.

მხოლოდ ბოლო რამდენიმე ათწლეულში შეძლეს CERN-ის მეცნიერებმა ექსპერიმენტებისთვის საკმარისი რაოდენობის ანტიმატერიის წარმოება და დაგროვება, მაგალითად, ანტიპროტონების. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ სამომავლო ექსპერიმენტები დაადგენს, რატომ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც მატერია დომინირებს და არა ანტიმატერია.

ანტიპროტონები თითქმის სინათლის სიჩქარეზე წარმოიქმნება და მათ შესანელებლად, მეცნიერები მძლავრ მაგნიტურ ველებს იყენებენ, რაც ართულებს თავად ანტიპროტონების მაგნიტური თვისებების შემოწმებას. 2018 წელს, სმორამ და მისმა კოლეგებმა სიმეტრიის ტესტები დაიწყეს პროექტ STEP-ის ფარგლებში — პორტატული კონტეინერი იყენებდა თხევადი ჰელიუმის ავზს და მძლავრ მაგნიტურ ველებს, რომლებიც ანტიპროტონების მაგნიტურად უფრო მშვიდ ობიექტამდე ტრანსპორტირების საშუალებას იძლეოდა.

ამჯერად, პროექტმა STEP-მა წარმატებით დაასრულა თავისი ტესტი, რომელიც სატვირთოს საბარგულზე, CERN-ის კამპუსის გარშემო 4-კილომეტრიან წრიულ გზაზე შესრულდა. ქარხნიდან გაიტანეს, ატარეს და უკან ხელუხლებელი დააბრუნეს 92 ანტიპროტონი.

სმორას და მის ჯგუფს იმედი აქვთ, რომ თანდათან შეძლებენ CERN-ის მიღმა გაცილებით შორს ტრანსპორტირებას — ანტიმატერიის მიწოდებას მაგნიტურად ჩუმ ლაბორატორიებში ევროპის მასშტაბით. ამას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი