საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ტრანსგენდერ ქალებს ქალთა კატეგორიებში მონაწილეობა აუკრძალა - ამის შესახებ ცნობილი 26 მარტს გახდა, მას შემდეგ, რაც დამტკიცდა ახალი რეგულაცია "ოლიმპიურ სპორტში ქალთა კატეგორიის დაცვის შესახებ."
განახლებული პოლიტიკის მიხედვით, ქალთა ტურნირებში მონაწილეობა მხოლოდ ბიოლოგიურად მდედრობითი სქესის ადამიანებს შეეძლებათ. ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, სპორტსმენს კარიერის განმავლობაში ერთხელ გენეტიკური ტესტი ჩაუტარდება, რითაც მისი ბიოლოგიური სქესის გარკვევა იქნება შესაძლებელი.
- "ოლიმპიურ თამაშებში მცირე სხვაობაც კი, შესაძლოა გახდეს გამარჯვებისა ან დამარცხების განმაპირობებელი." - განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, კირსტი კოვენტრიმ.
- "ამიტომ, ცხადია, რომ არ იქნება სამართლიანი ბიოლოგიურად მამრობითი სქესის ადამიანებმა ქალთა კატეგორიებში იასპარეზონ." - თქვა მან.
დეტალები: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, განახლებული პოლიტიკა ეფუძნება სამეცნიერო საფუძვლებს და შემუშავებულია სამედიცინო ექსპერტების მიერ. გადაწყვეტილება გავრცელდება IOC-ის ეგიდით გამართულ ყველა ტურნირზე.
- "აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ გააჩნია უკუძალა და იგი არ ვრცელდება მასობრივ ან სამოყვარულო სპორტულ პროგრამებზე." - აცხადებს ოლიმპიური კომიტეტი.
ცვლილებები ძალაში 2028 წლიდან, ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშებიდან შევა.