როცა ყველაფერი ერთ წამში იცვლება…
ეს შეიძლება ჩვეულებრივი დღე იყოს – სვამ ყავას, პასუხობ იმეილებს, ფიქრობ, სამხარზე რა ჭამო…და უცებ მოდის მოულოდნელი შეტყობინება HR-ისგან ან მენეჯერისგან, რომელიც უსიამოვნო სიახლით იწყება და რამდენიმე წუთში ყველაფერი იცვლება.
ამ მომენტში ადამიანი ხშირად შოკშია – სიტყვები ისმის, მაგრამ ბოლომდე ვერ აღიქმება. რეალობა მოგვიანებით უფრო იჩენს თავს: ფინანსური ვალდებულებები, გაურკვევლობა, საკუთარი თავის მიმართ ეჭვები. ხშირად ეს გამოცდილება აღიქმება როგორც პირადი მარცხი, თუმცა რეალურად ასე არ არის – და ეს ბევრ ადამიანს ემართება.
ემოციური და ფინანსური დარტყმა
სამსახურის დაკარგვა მხოლოდ შემოსავლის დაკარგვას არ ნიშნავს. ის ძლიერ ემოციურ და სოციალურ სტრესსაც იწვევს.
ადამიანები გადიან სხვადასხვა ეტაპს: შოკი, უარყოფა, ბრაზი, შიში. განსაკუთრებით რთულია ის პერიოდი, როცა შემოსავალი აღარ გაქვს და გაურკვეველია, როდის შეიცვლება სიტუაცია. ეს დრო ბევრისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდილებაა.
უხილავი მხარე: იზოლაცია და დუმილი
სოციალური ეფექტი საკმაოდ ყურადსაღები საკითხია, თუმცა რატომღაც ამაზე ბევრს არ ლაპარაკობენ. ხშირად კოლეგები, რომლებიც კომპანიაში რჩებიან, არაფრით გვანუგეშებენ, რაც გათავისუფლებულ ადამიანს კიდევ უფრო იზოლირებულად აგრძნობინებს თავს.
ეს დუმილი შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც მიტოვება ან მინიშნება, რომ თითქოს პრობლემა თავად ადამიანშია, რაც რეალობას არ შეესაბამება.
გარდამტეხი მომენტი და ახალი შესაძლებლობები
მიუხედავად სირთულეებისა, ბევრი ადამიანი სწორედ ამ ეტაპზე პოულობს ახალ მიმართულებას.
შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები იწყებენ ფრილანსზე მუშაობას, ზოგი კი სრულიად ახალ ბიზნესს ქმნის, რისი დროც დასაქმებისას შეიძლება არ ჰქომდა. ხშირად ეს გადაწყვეტილებები თავდაპირველად იძულებითია, მაგრამ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან შესაძლებლობებად იქცევა.
აქედან გამომდინარე, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება გახდეს „კატალიზატორი“ – ბიძგი ცვლილებებისკენ, რომელსაც სხვა შემთხვევაში ადამიანი ვერ გადადგამდა.
გამძლეობის მნიშვნელობა
ამ გამოცდილების ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი არის გამძლეობა.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს პროცესი სერიოზულად აზიანებს თვითშეფასებას, დროთა განმავლობაში ბევრი ადამიანი უფრო თავდაჯერებული და მტკიცე ხდება. ყოველი მსგავსი გამოცდილება ზრდის რწმენას, რომ სირთულეების გადალახვა შესაძლებელია.
რისკი და საკუთარი საქმის დაწყება
ზოგისთვის სამსახურის დაკარგვა ნიშნავს საკუთარი საქმის დაწყებას.
მიუხედავად შიშისა, ბევრი ადამიანი ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაშიც აღმოჩნდება და მეტ კმაყოფილებას იღებს საკუთარი საქმიანობიდან. ეს აჩვენებს, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა ხშირად ახალ შესაძლებლობებს ხსნის.
პრაქტიკული რჩევები
გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა იკვეთება:
- გამოიყენე ყველა ხელმისაწვდომი სოციალური და ფინანსური მხარდაჭერა
- მართე ფინანსები გონივრულად და იქონიე დანაზოგი
- ნუ შეინახავ ამ ამბავს საკუთარ თავში, სხვებმა უნდა იცოდნენ შენი მდგომარეობა, რომ დაგეხმარონ
- გათავისუფლდი სირცხვილის გრძნობისგან, რადგან ეს შენი არჩევანი არ ყოფილა
რა მოდის შემდეგ
ყველა არ არის მზად მოულოდნელი გათავისუფლებისთვის. ზოგი ჯერ კიდევ ეძებს სამსახურს და გაურკვევლობაშია. ეს პროცესის ნორმალური ნაწილია. თუმცა ერთი რამ აშკარაა: რთული პერიოდის შემდეგ ადამიანები ხშირად ქმნიან ისეთ რაღაცებს, რითაც მერე ყველაზე მეტად ამაყობენ.
ამრიგად, ზოგჯერ დასასრული სინამდვილეში ახლის დასაწყისია, უბრალოდ, ჯერ არ ჩანს.