ისნის ე.წ. „დაშლილების ბაზრობის“ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა იგეგმება — ამის შესახებ სახელმწიფოსთვის წარდგენილ ოფიციალურ დოკუმენტებშია აღნიშნული.
ამ დროისთვის მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა, ხოლო მშენებელი კომპანია პარალელურად განაშენიანების გეგმას თბილისის მერიასთან ათანხმებს.
ამასთან, უცნობია, რა ბედი ელის თვითდასაქმებულებს — ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობდნენ.
ადგილზე მომუშავე ადამიანები ითხოვენ, მათთვის ალტერნატიული ადგილი გამოიყოს, სადაც გადასვლას და მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.
"ინტერნეტში, ფეისბუქში რაც იყო, გავიგეთ, რომ მშენებლობა მიდის აქ. ჩვენთან ჯერჯრობით არავინ მოსულა პირადად რომ ეთქვა, რომ აქ მშენებლობა იწყება, დრო მოგვცენ, დაცალეთ - წადით. სად წავიდეთ ჯერჯერობით არ ვიცით არაფერი, იმიტომ, რომ არ არის გამოყოფილი ადგილი ისეთი... რომ გამოიყოს ადგილი, დიდი სიამოვნებით გადავალთ, იმიტომ, რომ ათასობით ოჯახი გვიდგას უკან და ათასობით ფული გვაქვს ჩადებული აქ," - ამბობს ადგილზე მომუშავე პირი.
კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ტერიტორიის დასაცლელად ვადა 1 აპრილამდე აქვთ, წინააღდეგ შემთხვევაში, უთხრეს, რომ დააჯარიმებდნენ.
"თქვეს, რომ მოვალთ, დაგაჯარიმებთო, 1-დან და რატომ უნდა დაგვაჯარიმონ? ჩვენ აქ გადასახადს ვიხდით, პრობლემა არ არის, ვმუშაობთ და თუ მაინც და მაინც აქედან გადატანა უნდათ ბაზრის, გადაგვიყვანონ ლილოსკენ სადმე, ადგილების მეტი რა არის? მარტო ჩემზე კი არ არის ლაპარაკი, ეს ხალხი ხომ ცოდოა, ვინც აქ მუშაობს? ისედაც მუშაობა არ არის. ჯერ უნდა მოგვხედონ, ადგილი გამოგვიყონ და მერე აქ რაც უნდათ, ის გააკეთონ," - ამბობს კიდევ ერთი დასაქმებული.