კახეთის ავტომაგისტრალის კიდევ ორ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის გამოცხადებული ტენდერის ვადა გახანგრძლივდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განახლებული პირობებით, კომპანიებს შესყიდვაში მონაწილეობის ინტერესის გამოხატვა 30 სექტემბრამდე შეეძლებათ.
ტენდერი ეხება თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის ავტომაგისტრალის ბადიური–ჭალაუბნისა (ლოტი 4) და ჭალაუბანი–ბაკურციხის (ლოტი 5) მონაკვეთებს. მათი საერთო სიგრძე 30.8 კილომეტრია.
საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევი ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით:
- ლოტი 4 — ბადიური–ჭალაუბანი: იგეგმება დაახლოებით 21.7 კმ სიგრძის, ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა. მონაკვეთი ბადიურის კვანძიდან იწყება და ჭალაუბნის კვანძის შემდეგ სრულდება. გზის საპროექტო სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება.
- ლოტი 5 — ჭალაუბანი–ბაკურციხე: მონაკვეთის სიგრძე 9.1 კმ იქნება. ასევე ოთხზოლიანი გზა მოეწყობა, რომლის მიმართულებები ერთმანეთისგან ბეტონის ორმხრივი ბარიერით იქნება გამოყოფილი. საპროექტო სიჩქარე 100 კმ/სთ-ს შეადგენს.
სატენდერო პირობების თანახმად, სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2027 წლის მეორე კვარტალში არის მოსალოდნელი.
საზედამხედველო და საკონსულტაციო მომსახურება ჯამში 92 თვეს გაგრძელდება. აქედან 2 თვე პროექტის გადახედვას, 30 თვე სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას, ხოლო დარჩენილი 60 თვე დეფექტების აღმოფხვრისა და მოვლა-პატრონობის პერიოდს დაეთმობა.
რა მონაკვეთებია უკვე დასრულებული
კახეთის მაგისტრალური გზა რამდენიმე ლოტად არის დაყოფილი. ამ ეტაპზე დასრულებულია რამდენიმე მონაკვეთის მშენებლობა და მიმდინარეობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი.
ლოტი 0 — ვაზიანის შემოვლითი გზა: 3.6 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია. ხელშეკრულების ღირებულებამ 70.2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა და პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ლოტი 1 — ვაზიანის შემოვლითი–საგარეჯო: 23.8 კმ სიგრძის გზის მშენებლობა დასრულებულია. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 313.4 მილიონ ლარზე მეტია, დაფინანსების წყარო კი სახელმწიფო ბიუჯეტია.
ლოტი 2 — საგარეჯოს შემოვლითი: 7.6 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობაც დასრულებულია. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 149.9 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ასევე დასრულებულია ბაკურციხე–წნორის მონაკვეთის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული 16.6 კმ გზას დამატებით ბაკურციხე–გურჯაანი (ასაქცევი)–ჩუმლაყის გზის 1.5 კმ-იანი მონაკვეთი ემატება და ჯამური სიგრძე 18 კმ-ს შეადგენს.
ბაკურციხე–წნორის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 87.9 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით განხორციელდა.