„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კერძო ავიაციის პილოტთა საერთაშორისო ექსპედიციის ფარგლებში ბათუმში ჩამოსულ 50 პილოტს უმასპინძლა. ექსპედიციის მონაწილეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან საქართველოში კაჭრეთში, „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.
ბათუმში ვიზიტის ფარგლებში პილოტები „ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ პროექტის მასშტაბს, უკვე განხორციელებულ სამუშაოებს, მიმდინარე სამშენებლო პროგრესს, განვითარების ხედვასა და სამომავლო გეგმებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტში გათვალისწინებულ საავიაციო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის განვითარებაც მომავალში კუნძულზე კერძო ავიაციის ფრენების მიღების შესაძლებლობას შექმნის. პროექტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საჰაერო კავშირების გაძლიერება - როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ადგილობრივ კურორტებს შორის, ისე საერთაშორისო მიმართულებებთან.
კუნძულზე პილოტებს „ამბასადორი ჯგუფის“ დამფუძნებელი თორნიკე ქებურია მიესალმა, რომელმაც „ამბასადორი აილენდ ბათუმზე“ საჰაერო ხომალდით დაშვებაც განახორციელა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ექსპედიციის მონაწილეებს მიესალმნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი.

„კერძო ავიაციის პილოტთა ექსპედიცია საქართველოში 2026“, 29 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, მარშრუტით ლუქსემბურგი – საქართველო – ლუქსემბურგი, ხორციელდება. ექსპედიცია 4 000-ზე მეტ საზღვაო მილს მოიცავს და მასში 26 საჰაერო ხომალდი მონაწილეობს. პილოტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან არიან, მათ შორის ლუქსემბურგიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
ინიციატივას კოორდინაციას უწევს ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსული პიტერ სოდერმანსი, ხოლო მხარდამჭერები არიან ლუქსემბურგის თვითმფრინავების მფლობელთა და პილოტთა ასოციაცია (AOPA Luxembourg), თურქეთის თვითმფრინავების მფლობელთა და პილოტთა ასოციაცია (AOPA Türkiye) და ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო საკონსულო.
„ბათუმის ექსპედიციის მარშრუტში ჩართვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კარიბჭეა მსოფლიოსთან. „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ ასახავს იმ ამბიციას, რომელსაც დღეს საქართველოში ვხედავთ- შეიქმნას ახალი მიმართულებები და ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო ვიზიტორებს მოიზიდავს და ქვეყანას ევროპასთან კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირებს. საქართველოს კერძო ავიაციისა და საავიაციო ტურიზმის განვითარებას უზარმაზარი პოტენციალი აქვს და ჩვენი ექსპედიციის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ამ შესაძლებლობის წარმოჩენაა“, - აღნიშნა პიტერ სოდერმანსმა, ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსულმა და ექსპედიციის კოორდინატორმა.
აღნიშნული საერთაშორისო საავიაციო ქსელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 17 000 წევრს აერთიანებს, რაც ბათუმისა და აჭარის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდისა და რეგიონის კერძო ავიაციის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ თავისი საერთაშორისო ხედვითა და მასშტაბით საქართველოს მსოფლიოსთან კიდევ უფრო მჭიდროდ აკავშირებს. ისეთი ინიციატივები, როგორიც კერძო ავიაციის პილოტთა საერთაშორისო ექსპედიციაა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ბათუმისა და მთლიანად საქართველოს მიმართ საერთაშორისო აუდიტორიის მზარდ ინტერესს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ იყოს პლატფორმა, რომელიც ქვეყანაში ახალ ადამიანებს, ახალ შესაძლებლობებსა და საერთაშორისო კავშირებს მოიზიდავს“, - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ.
ბათუმში ვიზიტის შემდეგ ექსპედიციის მონაწილეები კახეთში გაემგზავრებიან, სადაც „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება. ახალი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო საავიაციო ინიციატივების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში კერძო ავიაციისა და საავიაციო ტურიზმის განვითარებას და ქვეყნის საერთაშორისო ზოგადი ავიაციის რუკაზე პოზიციების გაძლიერებას.
