ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა 2026 წლის 16 თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არ დაწყებულა.
ამ მონაკვეთზე მოძრაობა უკვე 9 თვეა შეზღუდულია.
ხიდის მოწყობაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2 294 911 ლარის ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებული შპს Construction Service–თან 2025 წლის 22 ოქტომბერს გააფორმა.
ტენდერი 2 553 386 ლარით იყო გამოცხადებული და მასში ხუთი კომპანია მონაწილეობდა.

გადაკეტილი ხიდი გოროდოკში / ფოტო: 8.02.2026
შპს Construction Service-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველო „უფლებას იტოვებს პროექტის ვადების მართვის მიზნით გაუგზავნოს მიმწოდებელს წერილობითი ფორმით დავალება, რომელიც უნდა შეიცავდეს სამუშაოების დაწყების და დასრულების კონკრეტულ ვადებს“.
„ბათუმელები“ ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ არ დაიწყო ხიდის მოწყობის სამუშაოები, როდის იგეგმება დაწყება და რა ვადაში დასრულდება პროექტი.
სამმართველოდან მიღებული პასუხის მიხედვით, სამუშაოების ვერდაწყების მიზეზი ხიდის ორივე მხარეს გამავალი გაზსადენი მილებია, რომელთა გადატანაც აუცილებელია. უწყებაში ზუსტ თარიღებს, როდის დაიწყება და დასრულდება ხიდის მშენებლობა, ამ ეტაპზე ვერ ასახელებენ.
„ხიდის მოწყობის სამუშაოების დაწყება შეფერხდა, ვინაიდან ხიდის ორივე მხარეს გადის გაზსადენი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალმთიანი აჭარისა და ქალაქის ნაწილის ბუნებრივი აირით მომარაგებას. აღნიშნული მილსადენის გადატანა ზამთრის სეზონის გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია.
„სოკარ ჯორჯია გაზიდან“ მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, მილსადენის გადატანის სამუშაოები გაზაფხულის სეზონზე დაიგეგმება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება ხიდის სამშენებლო პროცესის დაწყება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის დასრულების ვადა შესაბამისად გადაიწევს,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან დღეს, 2026 წლის 11 თებერვალს.
გოროდოკის დასახლებაში ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბათუმის მერიამ 2025 წლის მაისში აკრძალა. იმ პერიოდში ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შეზღუდვა მინიმუმ სამი თვით, იმავე წლის სექტემბრამდე გაგრძელდებოდა.
თუმცა ხიდის მოწყობაზე ტენდერი სამმართველომ მხოლოდ 2025 წლის 12 სექტემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი 3 ოქტომბრამდე გაგრძელდა.
ამგვარად, 2025 წლის მაისიდან ოქტომბრამდე ხიდზე მოძრაობა შეზღუდული იყო, თანხა გამოყოფილი და ტენდერიც გამოცხადებული, მაგრამ გაზსადენი მილების გადატანის სამუშაოები დღემდე არც დაწყებულა და არც დაგეგმილა.
ხიდის ჩაკეტვამდე მერიამ მდინარე ბარცხანის ნაპირსამაგრი სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა მაშინ ხიდის მდგრადობაზე საჯაროდ არავის უსაუბრია. როგორც ნაპირსამაგრი სამუშაოების, ისე, მოგვიანებით ახალი ხიდის მოწყობის პროექტი, მერიის სამმართველომ ერთსა და იმავე კომპანიას შეუკვეთა.

მდინარე ბარცხანას ნაპირგამაგრება – ავარიული ხიდის მიმდებარედ გოროდოკის დასახლებაში / ფოტო: 8.02.2026
ამ პროექტის მიხედვით „გათვალისწინებულია ახალი რკინაბეტონის ხიდის მოწყობა… გაბარიტებია 8 მეტრი – სამანქანო ზოლი, 1.5 მეტრი – საფეხმავლო ზოლი ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს – 0,5 მეტრი. ხიდის სიგანე შეადგენს 11.2 მეტრს. ხიდის მთლიანი სიგრძე კი – 26,1 მეტრს“.
პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ „მშენებლობის შეუფერხებლად წარმოების მიზნით პროექტით გათვალისწინებულია კალაპოტის ფორმირება წყლის მიმართულების შესაცვლელად და გრუნტის ჯებირის მოწყობა, რომელიც საბოლოოდ უნდა დაიშალოს და ამოღებული გრუნტი გაიზიდოს ნაყარში“.