„აზრი გვკითხეს, მაგრამ ვფიქრობ, ცოტა დაგვიანებულია... ტურიზმის სექტორში კრიზისი უკვე არის, თუმცა ანტიკრიზიული გეგმა არ არსებობს“, - ასე აფასებს ტურისტული კომპანია Queen Tamada-ს დამფუძნებელი, სერტიფიცირებული გიდი გიორგი დარციმელია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სახელმწიფოს კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული ხედვა არ გააჩნია.
საქმე ის არის, რომ ტურიზმის სექტორი ახალი გამოწვევების წინაშეა - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა და რეგიონულმა არასტაბილურობამ ქვეყანაში ტურისტული ნაკადების შემცირების რეალური საფრთხე შექმნა, რაც ჯავშნებზე უკვე აისახა.
გიორგი დარციმელიას თქმით, ტურიზმის ადმინისტრაციის მენეჯმენტთან შეხვედრაზე, რომელიც კონფლიქტის დაწყებიდან თვე ნახევრის შემდეგ გაიმართა, მაია ომიაძის გუნდმა ბიზნესისგან რჩევების მოსმენა ისურვა.
"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩემთვის ნათელი გახდა - სახელმწიფოს არ გააჩნია ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ კრიზისის დროს. ეს კრიზისი მხოლოდ მოსალოდნელი კი არ არის, რომ ახლა დავიწყოთ მასზე ფიქრი, ის უკვე დამდგარი რეალობაა. მიუხედავად ამისა, არ არსებობს არც სამოქმედო გეგმა და არც რაიმე კონკრეტული წინადადება თუ ალტერნატივა.
ვფიქრობ, თავად სექტორისთვის ყველაფერი გასაგებია; პანდემიის შემდეგ უკვე საკმარისი გამოცდილება დავაგროვეთ და ბევრი რამ გამოვცადეთ. პანდემიას უკრაინის ომი მოჰყვა, რომელიც უკვე მეხუთე წელია გრძელდება. ქართულმა ტურიზმმა ამ ვითარებას ალღო აუღო, თუმცა ახლა ამ ყველაფერს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, ირანისა და სპარსეთის ყურის გარშემო შექმნილი მდგომარეობა დაემატა, რამაც ფრენების შეფერხების გამო ამ რეგიონებიდან ტურისტების შემოსვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადა", - განაცხადა დარციმელიამ.
„წერტილთან“ ინტერვიუში ტუროპერატორმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ტურიზმი საქართველოს მოსახლეობისთვის გადარჩენის საკვანძო სფეროა, ამიტომ სახელმწიფო სტრატეგიის არარსებობა სარისკოა.
"რა თქმა უნდა, სასურველია, სექტორს ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია, თუმცა ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება კერძო სექტორის საქმე არ არის. ქვეყანამ უნდა დადოს სტრატეგია ამ საკვანძო სფეროსთვის, რადგან ტურიზმი სწორედ ის სექტორია, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა თავს ირჩენს. ეს არის დარგი, რომელიც ყველაზე მეტად ეხება თითოეულ მოქალაქეს და პირდაპირი შემოსავალი მოაქვს. აი, ასეთია დღევანდელი რეალობა", - აღნიშნა მან.
კითხვაზე სად არის გამოსავალი, გიორგი დარციმელია პასუხობს, რომ შექმნილ ვითარებაში, როდესაც ჩრდილოეთით ომია, ხოლო სამხრეთით და ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია, საქართველომ აქცენტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე უნდა გადაიტანოს.
„უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ჩინეთზე და შუა აზიის ქვეყნებზე, რომლებიც ძალიან კარგ გადამხდელ ტურისტებად გვევლინებიან. ჩინეთი და ევროკავშირი არის ორი მიმართულება, რომელსაც ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს. რაც მეტი იქნება პირდაპირი ფრენები, მით მეტი იქნება მაღალგადახდისუნარიანი ჯგუფები, რომლებიც მასობრივ ტურიზმს არ საჭიროებენ და ნიშურ პროდუქტზე არიან ორიენტირებულნი“, - ამბობს გიორგი დარციმელია.
ამასთან, ტურისტული კომპანია Queen Tamada-ს მმართველმა პარტნიორმა ისაუბრა სამხრეთ კორეის პოტენციალზე და ხაზი გაუსვა გიდების გადამზადების საჭიროებას სპეციფიკური ბაზრებისთვის.
„წერტილთან“ ინტერვიუში რესპონდენტმა ყურადღება დაუთმო მეზობელ ქვეყნებთან კოორდინაციას, რაც შორეული ქვეყნებიდან (აშშ, იაპონია, კანადა) ტურისტების მოსაზიდად კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ტრანსსასაზღვრო ტურიზმი (საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი-თურქეთი) არის საუკეთესო გადაწყვეტა შორი მიმართულებებისთვის. იაპონელი ან ამერიკელი მარტო ერთი ქვეყნისთვის ამხელა მანძილს არ გადის. აზერბაიჯანთან უნდა იყოს სწორედ დიალოგი, რომ რაც შეიძლება მალე გაიხსნას სახმელეთო საზღვარი, რომელიც პანდემიის მერე დაკეტილია“, - აღნიშნა მან.