კობახიძე ღირებულებითი თვალსაზრისით ბევრად მეტ საერთოს პოულობს აიათოლებთან, ვიდრე რომთან, ბერლინთან და პარიზთან - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია Fox News სტატიას, რომელიც საქართველო-ირანის კავშირებს შეეხება.

გეგელია ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ირანი აქტიურად ცდილობს გაზარდოს საკუთარი გავლენის ქსელი საქართველოში და ჩვენი ქვეყანა "ფინანსურ სამრეცხაოდ" გამოიყენოს. 

"ირანი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობს გაზარდოს საკუთარი გავლენის ქსელი, რაც არ შემოიფარგლება მხოლოდ ბიზნეს-ქსელებით და არ შემოფარგლება საქართველოს რაღაც ფინანსურ სამრეცხაოდ გამოყენებით, არამედ სამწუხაროდ შემოიფარგლება სხვა მიმართულებითაც, რაც უნდა იყოს ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან საყურადღებო იმის შემდეგაც, რაც ამ რეჟიმმა სულ ცოტა ხნის წინ ათასობით პატრიოტი ადამიანი უმოწყალოდ ამოჟლიტა. ამის შემდეგაც კი ქოცურმა რეჟიმმა გვაკადრა ის, რომ დედაქალაქის თავზე ააფრიალა ირანის დროშა. ცხადია, კობახიძე ღირებულებითი თვალსაზრისით ბევრად მეტ საერთოს  პოულობს აიათოლებთან, ვიდრე პოულობს რომთან, ბერლინთან და პარიზთან, იმიტომ, რომ ის არის თემით ტერფამდე ანტიევროპელი, მისი პროექტი არის ანტიევროპული და შესაბამისად ანტიქართული", - აცახდებს გრიგოლ გეგელია.  

ქართულ-ირანულ კავშირებზე Fox News-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, "ოცნებაიდან" პირველი კომენტარი ლევან მაჭავარიანმა გააკეთა. მაჭავარიანს იერიში იმ ქართველ მკვლევარებზე მიაქვს, რომელთა კომენტარები საერთაშორისო მედიის სტატიაში მოხვდა, მათ "უსამშობლო აგნეტებად" მოიხსენიებს და ირწმუნება, რომ ისინი საქართველოს დისკრედიტაციის კამპანიას აგრძელებენ.

"როცა გარე დავალებას ასრულებენ, ანგარიშებს ადგენენ და ამაში ფულს იღებენ, ფიქრობენ, რომ ამას არანაირი პასუხისმგებლობა არ მოჰყვება, იციან, რომ პოლიტიკურად ბოლომდე დაზარალებულები არიან და ურჩევნიათ, რომ ფული გააკეთონ - აცხადებს მაჭავარიანი. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ უსამშობლო აგენტები გარე მითითებით საქართველოს დისკრედიტაციის კამპანიას აგრძელებენ, თუმცა რა თქმა უნდა არაფერი არ გამოუვათ, იმავენაირად არაფერი არ გამოუვათ, როგორც წლების წინ, როდესაც გვაბრალებდნენ, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლისთვის, შავი ხვრელი იყო. ჩამოვიდნენ სანქციების კოორდინატორები - ამერიკიდან, ევროპიდან და ბრიტანეთიდან და ყველამ დაადასტურა, რომ ეს უსამშობლოები იტყუებოდნენ. ამ შემთხვევაშიც, იმავეს აბრალებენ [საქართველოს] გარე პატრონების დავალებით. იმისთვის, რომ რაღაც ანგარიშები არსებობდეს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები და მტრები თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენებენ, ხიდაშელსა და კანდელაკს იყენებენ. კარგად გვახსოვს, როდესაც ხიდაშელი [თინა ხიდაშელი] საუბრობდა, რომ საქართველოში ტერორისტების გადამზადება ხდებოდა, შემდეგ ის დაიბარეს სუს-ში და მაშინვე შეცვალა ჩვენება, იქიდან გამომდინარე, რომ საგამოძიებო სამსახურში პასუხისმგებლობა იგრძნო და იცოდა, რომ მის ტყუილს კონკრეტული პასუხისმგებლობა მოჰყვებოდა. როცა გარე დავალებას ასრულებენ და ანგარიშებს ადგენენ და ამაში ფულს იღებენ, ფიქრობენ, რომ ამას არანაირი პასუხისმგებლობა არ მოჰყვება. იციან, რომ პოლიტიკურად ბოლომდე დაზარალებულები არიან, რეიტინგი კი 0-ს ქვემოთ აქვთ და ურჩევნიათ, რომ ფული გააკეთონ, თან აღდგომა მოდის და ფული შემოელიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ასეთი უსამშობლოები ჩვენ რაიმეს გვაბრალებენ, გადის დრო და სიმართლე თავის კალაპოტს პოულობს, ხოლო ასეთი ბინძური ტყუილების შემთხვევაში, [სიმართლის] გამომჟღავნება 1 დღეში, 1 საათში ხდება, შესაბამისად ეს ტყუილიც იმავენაირად გამომჟღავნდა, როგორც წინა ტყუილები“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Fox News საქართველო-ირანის კავშირებზე წერს. ამერიკული გამოცემა ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით იწუყება, რომ ირანის რეჟიმი სანქციების გვერდის ავლით, სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად საქართველოს იყენებს.

სტატიის თანახმად, თეირანი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს რესპუბლიკასთან კავშირებს აღრმავებს და თავის მხრივ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროკავშირისკენ და ნატოს წევრობის პოტენციურ კანდიდატად მიიჩნეოდა, ნელ-ნელა უახლოვდება თეირანს.

ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს რესპუბლიკის თეირანის რეჟიმისკენ შემობრუნება შესაძლოა პრობლემური იყოს აშშ-ის ინტერესებისთვის რეგიონში.