ვროპაში მოსახლეობის დაბერება სულ უფრო ძლიერ გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკაზე, ისე სოციალურ და ჯანდაცვის პოლიტიკაზე. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი პორტუგალიაში დაწყებული დებატებია, სადაც მოქალაქეთა ნაწილმა 75 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ავტომობილის მართვის აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია წამოიწყო. ინიციატივის ავტორები ამტკიცებენ, რომ ასაკთან ერთად იზრდება საგზაო რისკები, თუმცა ოპონენტები ამბობენ, რომ მსგავსი მიდგომა ასაკობრივი დისკრიმინაციის ფორმაა და ხანდაზმული ადამიანების დამოუკიდებლობას ზღუდავს.

ეს დისკუსია იმ დროს მიმდინარეობს, როდესაც ევროკავშირის სტატისტიკური სააგენტოს, Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირის მოსახლეობის თითქმის 70% საკუთარ ჯანმრთელობას „კარგად“ ან „ძალიან კარგად“ აფასებს. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ეს მაჩვენებელი მკვეთრად მცირდება. 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში მხოლოდ დაახლოებით 40% ამბობს, რომ თავს ჯანმრთელად გრძნობს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სწორედ აქ იკვეთება თანამედროვე ევროპის მთავარი გამოწვევა — როგორ უნდა შეინარჩუნოს ასაკოვანმა მოსახლეობამ დამოუკიდებლობა, გადაადგილების შესაძლებლობა და აქტიური ცხოვრება ისე, რომ უსაფრთხოებაც დაცული იყოს.

პორტუგალაში მართვის უფლების აკრძალვას ითხოვენ იმ პირებისთვის, რომლებიც 75 წელს გადასცდნენ. აკრძალვის ინიციატივა პეტიციაში გაიწერა. ინიციატივამ ევროპაში ასაკობრივი დისკრიმინაციისა და გზების უსაფრთხოების ახალი დებატები გააჩინა. პორტუგალიაში მოქმედი კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებს ხანდაზმული მძღოლებისთვის სამედიცინო შემოწმებებს და მართვის მოწმობის უფრო ხშირ განახლებას. თუმცა პეტიციამ უფრო ფართო ევროპული დისკუსია გააჩინა, რადგან ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა სწრაფად ბერდება. დემოგრაფების პროგნოზით, 2050 წლისთვის ევროპის მოსახლეობის თითქმის მესამედი 65 წელზე მეტი ასაკის იქნება.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ სოციალური საკითხი აღარ არის. მოსახლეობის დაბერება პირდაპირ მოქმედებს შრომის ბაზარზე, ჯანდაცვის ხარჯებზე, საპენსიო სისტემებზე და ეკონომიკურ პროდუქტიულობაზე. OECD-ის შეფასებით, ქრონიკული დაავადებების ზრდა და ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობის მატება ევროპის ეკონომიკისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ გამოწვევად რჩება.

ექსპერტები ასევე მიუთითებენ, რომ ჯანმრთელობის თვითშეფასება მხოლოდ მედიცინაზე არ არის დამოკიდებული. მასზე გავლენას ახდენს შემოსავალი, სოციალური გარემო, განათლება, ცხოვრების ხარისხი და გადაადგილების შესაძლებლობაც. სწორედ ამიტომ ზოგი ევროპული ქვეყანა ცდილობს არა ასაკობრივი შეზღუდვების გამკაცრებას, არამედ ე.წ. „აქტიური დაბერების“ პოლიტიკის განვითარებას, რაც მოიცავს ჯანსაღ ცხოვრებას, პრევენციულ მედიცინას, უსაფრთხო ტრანსპორტს და ციფრულ ჯანდაცვას.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მომავალ წლებში ევროპაში გაიზრდება ინვესტიციები ე.წ. „silver economy“-ში — ეკონომიკურ სექტორში, რომელიც ხანდაზმული მოსახლეობის საჭიროებებზეა ორიენტირებული. ეს მოიცავს ჯანდაცვას, მედტექნოლოგიებს, სპეციალურ ტრანსპორტს, ჭკვიან ქალაქებს, სოციალური დახმარების სერვისებს და ასაკოვან ადამიანებზე მორგებულ ციფრულ პროდუქტებს.

ევროპელი პოლიტიკოსები და ეკონომისტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ თანამედროვე დემოგრაფიული კრიზისი მხოლოდ დაბალი შობადობის პრობლემა აღარ არის. მთავარი კითხვა ხდება ის, თუ როგორ შეძლებს ევროპა ასაკოვანი მოსახლეობის ჯანმრთელობის, მობილობის და ეკონომიკური აქტიურობის შენარჩუნებას მომდევნო ათწლეულებში.

ანალიტიკოსების შეფასებით, პორტუგალიაში დაწყებული დებატები და Eurostat-ის ჯანმრთელობის კვლევა რეალურად ერთი დიდი პროცესის ნაწილია — ევროპა ცდილობს მოერგოს ეპოქას, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ხანდაზმული იქნება, ხოლო ეკონომიკის მდგრადობა სულ უფრო მეტად დამოკიდებული გახდება იმაზე, რამდენად ჯანმრთელად, უსაფრთხოდ და აქტიურად იცხოვრებენ ადამიანები ასაკის მატებასთან ერთად.

წყაროები: