„ის ფაქტი, რომ საქართველო ITB China-ს პარტნიორი ქვეყანაა და ფართოდ წარმოდგენილია როგორც შანხაის ბილბორდებზე, ისე უშუალოდ საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეში, ძალიან დიდ შედეგს მოგვიტანს. გასულ წელთან შედარებით, ინტერესი გაორმაგებულია. ახლა უკვე აღარ გვჭირდება საწყისი ეტაპიდან იმაზე საუბარი, თუ სად მდებარეობს საქართველო,“ - აცხადებს Travel Vibes-ის დამფუძნებელი მარიამ როჭიკაშვილი, რომელმაც შანხაიში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე ITB China საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობდა.
ITB China 2026-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი და მასში 30-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა.
„საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრები გვქონდა. გავეცანით მათ მოთხოვნებს, რათა ქართული ტურისტული ბაზარი კიდევ უფრო მეტად ადაპტირდეს და ჩვენი სერვისები მაქსიმალურად მოვარგოთ ჩინურენოვან ტურისტებს. ვფიქრობ, წინ ძალიან წარმატებული წელი გველოდება“,-ამბობს Travel Vibes-ის დამფუძნებელი.
გამოფენაზე 85 ქვეყნიდან 900-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი, ხოლო ღონისძიებას 280-მდე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი აშუქებდა. ვიზიტორთა საერთო რაოდენობამ დაახლოებით 30 ათასი შეადგინა.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს