რომის პაპმა ლეო XIV-მ წარადგინა თავისი პირველი საავტორო ენციკლიკა, რომელშიც ის საზოგადოებას ხელოვნური ინტელექტიდან მომდინარე რისკების შესახებ აფრთხილებს და ირანის წინააღმდეგ მიმართულ დონალდ ტრამპის „სამართლიანი ომის“ კონცეფციას აკრიტიკებს.

პაპი ლეო XIV ვატიკანში ხელს აწერს თავის პირველ ენციკლიკას, სახელწოდებით "მაგნიფიკა ჰუმანიტას"-ს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიღწეულ წინსვლას ეხებაHANDOUT / AFP

„Magnifica Humanitas“ (ანუ „დიდებული კაცობრიობა“) ლეო XIV-ის მიერ დაწერილი პირველი ენციკლიკა, ანუ საზეიმო ეპისტოლეა. დოკუმენტი შეიცავს გაფრთხილებას ხელოვნური ინტელექტიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ტექნოლოგიური გიგანტების ხელშია მოქცეული. ენციკლიკა, ამავდროულად, განადიდებს კაცობრიობას და შეიცავს ადამიანის ღირსების დაცვის მოწოდებას.

ორშაბათს, 25 მაისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში კათოლიკური ეკლესიის მეთაური ხელოვნური ინტელექტის „განიარაღებას“ ითხოვს, რათა „თავიდან იქნას აცილებული კაცობრიობაზე მისი გაბატონება“. ლეო XIV აფრთხილებს მსოფლიო საზოგადოებას, რომ ტექნოლოგიური ინოვაციები არ არის ნეიტრალური, რადგან მათ შეუძლიათ როგორც „ჩართულობისა და სამართლიანობის განმტკიცება“, ასევე და ამავდროულად - „უთანასწორობის და გარიყვის გაღრმავება“.

„ხელოვნური ინტელექტის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას კერძო, ხშირად ტრანსნაციონალური სუბიექტები წარმოადგენენ, რომელთა რესურსები და მოქმედების შესაძლებლობები ბევრი მთავრობის რესურსებს აღემატება. შესაბამისად, ტექნოლოგიური ძალაუფლება იძენს უპრეცედენტო, ძირითადად „კერძო“ განზომილებას, რაც კიდევ უფრო რთულს ხდის ამ ძალის გაგებას, რეგულირებასა და საერთო კეთილდღეობისკენ მის მიმართვას“.

ლეო XIV-ის თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ხელოვნური ინტელექტი „მცირე ჯგუფის ხელშია კონცენტრირებული“.

„ის მიდრეკილია, გახდეს გაუმჭვირვალე და თავი აარიდოს საზოგადოებრივ კონტროლს, რაც ზრდის დამახინჯებული ფორმების დამკვიდრების რისკს და სათავეს უდებს ახალ დამოკიდებულებებს, გარიყვას, მანიპულაციებსა და უთანასწორობას“.

თავისი პონტიფიკატის პირველ დიდ დოკუმენტში, რომელიც 110 გვერდს მოიცავს, რომის პაპი ჩვენი დროის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ეხება და „ციფრულ ეპოქაში სამართლიანი სოციალური წესრიგის “ შექმნის მოწოდებით გამოდის, რომელსაც „შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოები“, „სამართლიანი წესები“ და „ეფექტური დამცავი მექანიზმები“ ექნება. ამგვარად, ამერიკელი პაპი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი „მორალურად ნეიტრალურად ვერ ჩაითვლება“ და ხაზს უსვამს განათლების როლს რისკების მართვაში, ისევე როგორც საერთო ეთიკური კოდექსის საჭიროებას.

ხელოვნური ინტელექტის „აშკარად არაადამიანური გამოყენების“ (როგორიცაა „ინფორმაციით მანიპულირება ან კონფიდენციალურობის დარღვევა“) წინააღმდეგ მიმართულ გაფრთხილებასთან ერთად, ლეო XIV ყურადღებას ასევე ამახვილებს უფრო დახვეწილ მაცდუნებელ მხარეზე, რომლის დროსაც სისტემები, „წარმოაჩენენ რა თავს ნეიტრალურად და ობიექტურად, რეალურად იმ ადამიანების სტერეოტიპებსა თუ იდეოლოგიურ პოზიციებს ასახავენ და აძლიერებენ, ვინც ისინი შექმნა და დააპროგრამა“.

ენციკლიკები ღვთისმეტყველების სწავლების ერთ-ერთი უმაღლესი ფორმაა, რომელიც პონტიფიკოსს შეუძლია, ეკლესიის წევრებს შესთავაზოს. ორშაბათს გამოქვეყნებულ ტექსტზე მუშაობა, რომელიც თითქმის 43 000 სიტყვისგან შედგება, ერთ წელზე მეტი ხნის წინ, პაპად ლეო XIV-ის არჩევისთანავე დაიწყო.

პაპი „სამართლიანი ომის“ თეორიას უარყოფს

დოკუმენტში, რომლის მთავარი თემაც ხელოვნური ინტელექტია, კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა ასევე დაგმო მსოფლიოში მიმდინარე მრავალი ომი, მწუხარება გამოთქვა მულტილატერალური (მრავალმხრივი) ორგანიზაციების დასუსტების გამო და ხაზი გაუსვა, რომ ამ კონფლიქტების მამოძრავებელი ძალა იარაღის ინდუსტრიისთვის მოგების მოტანაა.

„ბოლო 60 წელი გამოირჩეოდა შემაძრწუნებელი სისასტიკის კონფლიქტებით, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას ხშირად მასშტაბურად აზარალებდა“, - აცხადებს ლეო XIV ინგლისურენოვან საავტორო ტექსტში.

„კაცობრიობა იძირება ძალაუფლების ძალადობრივ კულტურაში, სადაც მშვიდობა აღარ განიხილება როგორც საკუთარ თავზე ასაღები პასუხისმგებლობა, არამედ კონფლიქტებს შორის მყიფე პაუზად მიიჩნევა“, - აღნიშნა მან და უარყო „სამართლიანი ომის“ თეორია - დოქტრინა, რომელსაც ეკლესია, V საუკუნიდან მოყოლებული, გლობალური კონფლიქტების შესაფასებლად იყენებს.

ეს დოქტრინა, რომელიც აცხადებს, რომ ომი მხოლოდ აგრესიისგან თავდაცვის მიზნით უნდა იწარმოებოდეს, ირანთან ომის გასამართლებლად, ტრამპის ადმინისტრაციის წევრებმაც გამოიყენეს - მათ შორის, კათოლიკე ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.

„სამართლიანი ომის“ თეორია, რომელიც ხშირად გამოიყენებოდა ნებისმიერი სახის ომის გასამართლებლად, ახლა უკვე მოძველებულია“.

„ძალის, ძალადობისა და იარაღის გამოყენება ასახავს ადამიანური კავშირების ნაკლებობას, რასაც ყოველთვის სავალალო შედეგები მოაქვს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“.

პაპმა იმის გამოც გამოთქვა შეშფოთება, რომ ლიდერებმა, შესაძლოა, ომები შიდა პრობლემებიდან მოქალაქეების ყურადღების გადასატანად დაიწყონ.

„ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ ზოგიერთი ლიდერი შეიარაღებულ კონფლიქტს განიხილავს, როგორც შიდა პრობლემებიდან ყურადღების გადატანის ეფექტურ გზას და სირთულეებთან გამკლავების ცინიკურ ინსტრუმენტს“.

ლეო XIV წუხს იმის გამო, რომ „კაცობრიობა ძალაუფლების ძალადობრივ კულტურაში იძირება“.

„დღეს, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია დავადასტუროთ „სამართლიანი ომის“ თეორიის უარყოფა, გარდა თავდაცვის უფლებისა, მისი ყველაზე მკაცრი გაგებით. ამ თეორიას, ძალიან ხშირად, ნებისმიერი ომის გასამართლებლად იშველიებენ“, - წერს ის თავის ენციკლიკაში „Magnifica Humanitas“.

მონობის დაგმობის დაგვიანების გამო, პაპი შენდობას ითხოვს

ამავე დოკუმენტში, პაპმა ლეო XIV-მ „გულწრფელად სთხოვა შენდობა“ კაცობრიობას იმის გამო, რომ ეკლესიამ „მონობის საშინელების დაგმობა“ დააგვიანა.

ეკლესია „დიდი ხნის განმავლობაში ითმენდა მონობას და მხოლოდ მოგვიანებით დაგმო ის კატეგორიულად“, რაც მას აქცევს „ჭრილობად ქრისტიანულ მეხსიერებაში, რომლისგანაც დისტანცირებას ვერ მოვახდენთ“.

ლეო XIV-მ ასევე დაგმო „მონობის ახალი ფორმები“, რომლებსაც აწყდებიან ხელოვნური ინტელექტის სისტემების ოპერატორები და ქარხნის მუშები, რომლებიც ისეთ ტექნოლოგიურ მოწყობილობებს (მაგალითად, კომპიუტერებსა და სმარტფონებს) ამზადებენ, რომელებშიც ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება.

„მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ბავშვები და მოზარდები სახიფათო პირობებში მუშაობენ და ამუშავებენ მასალებს, რომლებშიც იშვიათმიწა ელემენტები მოიპოვება“, - წერს პაპი.

„ამ ადამიანების სხეულები დაფარულია ნაიარევებით და გამოფიტულია მხოლოდ იმისთვის, რომ მონაცემთა ნაკადმა შეუფერხებლად განაგრძოს დინება. ეს რეალობა ჩვენი დროის მორალურ ცნობიერებას ღრმა გამოწვევას უქმნის“, - დასძინა მან.

წყარო: 1tv.ge