ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობის პრივატიზებისთვის გამოცხადებული აუქციონი კვლავ არ შედგა. ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა N14-ში მდებარე შენობა გასაყიდად 19 ნოემბერს მეორედ გამოიტანა. აუქციონი დღეს, 3 დეკემბერს დასრულდა, შენობის შეძენით კი არავინ დაინტერესებულა.

აღსანიშნავია, რომ ქონების საწყის საპრივატიზაციო თანხად 40 676 000 ლარი იყო განსაზღვრული. ტერიტორია ჯამში 16 837 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს (მათ შორის ნანგრევებს) მოიცავს.

რაც შეეხება საპრივატიზაციო მოთხოვნებს, ინვესტორს თანხის გადახდა 24 დეკემბრამდე უნდა განეხორციელებინა. ამასთანავე, კერძო მესაკუთრეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოსთვის“ ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობის შესაძლებლობა უნდა მიეცა.

ამასთანავე, დოკუმენტების მიხედვით, საპრივატიზაციო ქონება ექცევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში, შესაბამისად, ადგილზე აკრძალულია ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელიც დააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს და შეამცირებს მის მნიშვნელობას.

„უძრავი ქონების შემდგომი განვითარების, მათ შორის, მასზე კანონმდებლობით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის შემთხვევაში, საჭიროა, ნებისმიერი ქმედება შეთანხმდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან”, - აღნიშნულია დოკუმენტებში.

ინფორმაციისთვის, ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობა გასაყიდად 5 ნოემბერსაც გამოიტანა. ეს აუქციონი 19 ნოემბერს უარყოფითი შედეგით დასრულდა, იქიდან გამომდინარე, რომ შეძენით არავინ დაინტერესებულა.

www.bpn.ge