აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ უარყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის თხოვნა, წინ წაეწია საქართველოს მთავრობის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემცველი კანონი, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, კონგრესში ორი წყაროს თანახმად, მაიკ ჯონსონს სურდა, „მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი კანონი დამატებოდა აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს“, რომელსაც ფართო მხარდაჭერა აქვს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში.
გამოცემა წერს, რომ ბოლო სამ თვეში სენატში უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ უკვე მეორედ უარყო ანალოგიური მოთხოვნა.
The Hill-ის წყაროების ცნობით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის მოთხოვნა, რომ „მეგობარი აქტი“ დამატებოდა „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს“, მათთვისაც მოულოდნელი იყო.
„ჩვენ გვეგონა, რომ კანონი უკვე მკვდარია, მას შემდეგ, რაც ის სექტემბერში ტუნიმ უარყო. ჩვენ ბოლო წუთებში ვცადეთ, კანონი დაგვემატებინა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რასაც სპიკერი ჯონსონი ითხოვდა, თუმცა ტუნის წინააღმდეგობა ვერ დავძლიეთ“, – განაცხადეს გამოცემასთან საუბარში ჯონსონის თანაშემწეებმა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ტუნიმ „მეგობარი აქტის“ აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ დამატება მანამდეც დაბლოკა, როდესაც ამას სენატორი მარკუეინ მალინი ითხოვდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ „2020 წელს მალინმა „ქართულ ოცნებას“ ბრალი დასდო ამერიკის მტრულ მეტოქეებთან და მტრებთან დაახლოებაში. თუმცა, 2025 წლის სექტემბერში მან გამოცემა The Hill-ს უთხრა, რომ მას კარგი ურთიერთობები აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და თბილისთან ურთიერთობაში, სანქციების მათრახის ნაცვლად, თაფლაკვერის გამოყენებას ემხრობა“.
„მე მსურს, მქონდეს შესაძლებლობა, ვიმუშაო მათთან, ვიდრე სანქციების დავუწესებთ. მინდა, მათთან ვიმუშაო, რათა ვნახო, როგორ შეუძლიათ, ჰქონდეთ ნამდვილი სუვერენიტეტი, რომ გათავისუფლდნენ რუსეთის გავლენისგან“, – განაცხადა სენატორმა მალინმა სექტემებრში გამოცემასთან ინტერვიუში.