„ეს არის არათანმიმდევრულობის ზეიმი”, - ასე აფასებს ეკონომისტი, „ილიაუნის” სრული პროფესორი გიორგი ხიშტოვანი განათლების დაანონსებულ რეფორმას.

როგორც მან „პალიტრანიუსისა” და რადიო „პალიტრას” გადაცემაში „საქმე” განაცხადა, განათლების რეფორმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, არაპროფესიონალიზმის და პოლიტიკური კონიუნქტურის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ვითარებაში კი, სკოლის მოსწავლეები განათლების სიატემის მსხვერპლნი არიან.

„ერთი წინადადებით, რომ შევაფასო, ეს არის არათანმიმდევრულობის ზეიმი. ეს არის სფერო, რომელიც ჩემი და ალბათ, ყველა სპეციალისტის აზრით, უნდა იყოს გრძელვადიან, თანმიმდევრულ განვითარების პოლიტიკაზე დაფუძნებული და მმართველობის ჯგუფების ცვლილება, ამ პოლიტიკის ცვლილებას არ უნდა იწვევდეს. ის განცალკევებული უნდა იყოს, რადგან ეხება ქვეყნის ადამიანური კაპიტალის განვითარებას და ქვეყნის მომავალს, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნის, რომელსაც არც გაზი აქვს, არც ნავთობი, არ აქვს ბუნებრივი რესურსები, ერთადერთი ჩვენი რესურსია ადამიანი და მისი უნარები. ამ პირობებში გვაქვს სისტემა, რომელიც ერთპარტიული, თითქმის, 14-წლიანი მმართველობის პირობებში არათანმიმდევრულობის ზეიმს გვთავაზობს.

დავიწყოთ სწავლის დაწყების თარიღით, მე დარწმუნებული ვარ, დღეს 5-6 წლის მშობელს წარმოდგენა არ აქვს როდის უნდა შეიყვანოს ბავშვი სკოლაში, ისე ხშირად იცვლება სწავლის დაწყების თარიღი. ხან არის 15 სექტემბერი, ხან ოქტომბერი, ხან ნოემბერი.. წარმოიდგინეთ, იმის გამო, რომ მშობლებში დომინირებს აზრი, თითქოს უმჯობესია ბავშვი უფრო ადრე შევიდეს სკოლაში (რაც არ არის ერთმნიშვნელოვნად სწორი), მათი გულები მოიგეს და 1-2 წელი არჩევნები რომ იყო, მისცეს საშუალება უფრო ადრე შეეყვანათ ბავშვი სკოლაში. ახლა, როგორც ჩანს, არჩევნები აღარ იგეგმება და ისევ შეცვალეს ეს წესი. ანუ, სკოლების დაწყების თარიღი უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკურ კონტექსტში, ვიდრე ის თუ რა არის უკეთესი ბავშვისთვის.

იგივე ეხება [სწავლების ხანგრძლივობას], მაგალითად, რომ იკითხავენ რამდენი წელი არის საქართველოში განათლება, პასუხი იქნება 11 ან 12. როგორ?! მე-11 კლასში უნდა თქვას ადამიანმა უნდა თუ არა მე-12 და თუ უნდა, მაშინ ისწავლის. ანუ, ეს უკვე კომიკურიც აღარ არის. აბსოლუტური არაპროფესიონალიზმის და პოლიტიკური კონიუნქტურის შედეგის შთაბეჭდილებას ტოვებს.

მესამე, ეს სახელმძღვანელოების თემა - ძალიან კარგი პრაქტიკა იყო არჩევითობა, წახალისება იყო, რომ უკეთეს სახელმძღვანელოს თუ გამოსცემდა კერძო გამომცემელი, სკოლას ჰქონდა ამ სახელმძღვანელოს არჩევის უფლება. ახლა რას ვიღებთ?! - რაც რუსეთმა უკვე გაიარა. მივიღებთ ერთი პარტიის ნომენკლატურის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელოებს, სადაც პირობითად, 2004-2012 წელი გამოცხადდება „ლიბერალური ფაშიზმის ზეიმად”, აღმოჩნდება, რომ მანამდე ყველაფერი იყო ცუდი, რაზეც საჯაროდ ლაპარაკობენ, ისტორიაც სხვანაირად დაიწერება, ქართული ენაც… სისხლიანი 9 წელი ცალკე თავი იქნება, და მერე მოუწევს საჯარო თუ კერძო სკოლაში ყველას, ეს მოგონილი, აბსოლუტურად გაუგონარი ცნებები, როგორიც არის „ლიბერალური ფაშიზმი“ და „სისხლიანი 9 წელი” დაზუთხვის პრინციპით ასწავლონ ბავშვებს.

სინამდვილეში, ჩემი აზრით, ეს არის ძალადობა ბავშვებზე, ბავშვები არიან განათლების სისტემის მსხვერპლნი”, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ცნობისთვის, 2 დეკემბერს განათლების რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულის ფარგლებში, განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ რამდენიმე სიახლეზე ისაუბრა. კერძოდ, მინისტრის თქმით, შემდეგი წლიდან, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლის შეუსრულდებათ 6 წელი.

შეგახსენებთ, რომ სკოლაში შემსვლელთა ასაკობრივ ზღვარი ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. მაგალითად, 2022-2023 სასწავლო წლისთვის სკოლაში შესვლის უფლება იმ ბავშვებსაც მიეცათ, რომლებიც 6 წლის ნაცვლად სწავლის დაწყების თარიღისა, 1-ელ ოქტომბრამდე გახდნენ. 2023-2024 წელს პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვარი კიდევ შემცირდა და იმ წელს პირველ კლასში შესვლა იმ ბავშვებს შეეძლოთ, რომელთაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებოდათ. 2024-2025 სასწავლო წელს სკოლაში იმ ბავშვების დარეგისტრირებაც დაუშვეს, ვისაც 6 წელი 1 დეკემბრამდე უსრულდებოდა, 2025-2026 სასწავლო წლისთვის კი დაბადების თარიღმა 31 დეკემბრამდე გადაიწია. აღსანიშნავია, რომ 2022 წლამდე პირველ კლასში მხოლოდ იმ ბავშვებს იღებდნენ, ვისაც 6 წელი სასწავლო პროცესის დაწყებამდე უსრულდებოდათ.

ამასთან, რეფორმის ფარგლებში 2-3 წლის განმავლობაში ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება სკოლაში. სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები. მინისტრის თქმით, ერთი სახელმძღვანელო დაინერგება ყველა სკოლაში, რაც უზრუნველყოფს ერთიან მიდგომასა და სტანდარტს.

გარდა ამისა, სკოლები გადავლენ 11-წლიან სწავლებაზე. როგორც მინისტრმა თქვა, მე-11 კლასში დაინერგება ე.წ. რეპეტიტორიუმი, როდესაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ისწავლონ მხოლოდ ის საგნები, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე. ხოლო მე-12 კლასი ნებაყოფლობითი იქნება და მხოლოდ სურვილის შემთხვევაში შეძლებენ მოსწავლეები მე-12 კლასში სწავლის გაგრძელებას.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი