ამერიკულმა Forbes-მა 30 under 30-ის გამარჯვებულთა სია პირველად 2012 წლის იანვარში გამოაქვეყნა. სიაში მოხვდნენ ახალგაზრდა ლიდერები და მეწარმეები, რომელთაც 30 წლამდე ასაკში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. მას შემდეგ გამოცემა 30 under 30-ის გამარჯვებულებს რამდენიმე კატეგორიაში ასახელებს, მათ შორისაა მეწარმეობა, მეცნიერება, ტექნოლოგიები, შოუბიზნესი და სხვა.
Forbes-ის დაჯილდოება თითქმის 15 წელს ითვლის, ამ პერიოდის განმავლობაში კი მის გამარჯვებულთა შორის შესაძლებელია 46 პირის დასახელება, რომლებიც იმდენად წარმატებულნი გახდნენ, რომ მსოფლიოს მილიარდერთა რიგებშიც დაიმკვიდრეს თავი. მათ შორისაა ისეთი ცნობილი და გავლენიანი ადამიანები, როგორებიც არიან ვენჩურული კაპიტალის ფირმა Thrive Capital-ის დამფუძნებელი ჯოშ კუშნერი ($5.2 მილიარდი), OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ოლტმენი ($2.1 მილიარდი) და ამერიკელი პოპვარსკვლავი ტეილორ სვიფტი ($1.6 მილიარდი).
თუმცა დღევანდელ სამყაროში არაფერი ქმნის სიმდიდრეს იმაზე სწრაფი ტემპით, ვიდრე ხელოვნური ინტელექტი. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მილიარდერთა რაოდენობა ბოლო პერიოდში სწრაფი ტემპით იზრდება. 30 under 30-ის მილიარდერი გამარჯვებულებიდან კი 19 სწორედ AI-ის დამსახურებით გახდა მილიარდერთა სტატუსის მფლობელი.
მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც Forbes-ის სიაში გასულ წელს მოხვდნენ და კვლავ 30 წლამდე ასაკის არიან: AI-კოდირების ინსტრუმენტის Cursor-ის მფლობელი კომპანია AnySphere-ის ოთხი თანადამფუძნებელი, 25 წლის სუალეჰ ასიფი ($1.3 მილიარდი), ამან სანგერი ($1.3 მილიარდი) და მაიკლ ტრუელი ($1.3 მილიარდი), ასევე 26 წლის არვიდ ლუნემარკი ($1.3 მილიარდი); Polymarket-ის დამფუძნებელი შეინ კოპლანი, AI-რეკრუტირების უნიკორნ Mercor-ის სამი 22 წლის თანადამფუძნებელი – ბრენდან ფუდი ($2.2 მილიარდი), ადარშ ჰირემათი ($2.2 მილიარდი) და სურია მიდჰა ($2.2 მილიარდი) – რომლებიც მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერებიც არიან.
30 under 30-ის წლევანდელ გამარჯვებულებთან დაკავშირებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარიგება. ივნისში ამერიკულმა ტექგიგანტმა Meta-მ 28 წლის ალექსანდრ ვანგის ScaleAI-ში, 49%-იანი წილის სანაცვლოდ, $14.3 მილიარდი დააბანდა. შედეგად, ვანგის ქონება 50%-ით, $3.2 მილიარდამდე, ხოლო კომპანიის თანადამფუძნებლის, ლუსი კუოს ქონება კი, რომელიც ვანგთან ერთად 2018 წლის 30-წლამდელთა სიაში გამოჩნდა, $1.4 მილიარდამდე გაზარდა. ეს უკანასკნელი ახლა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა, თვითშემდგარი მილიარდერი ქალია.
აღსანიშნავია, რომ 30 under 30-ის გამარჯვებული 46 მილიარდერიდან მხოლოდ სამი მოღვაწეობს ტექნოლოგიების მიღმა ინდუსტრიებში. მათ შორისაა ამერიკელი კალთბურთელი ლებრონ ჯეიმსი ($1.3 მილიარდი) და მომღერლები – ტეილორ სვიფტი ($1.6 მილიარდი) და რიანა ($1 მილაირდი). უნდა აღინიშნოს, რომ რიანას ქონების უმეტესი ნაწილი მის კოსმეტიკურ ბრენდ Fenty Beauty-ზე მოდის, თუმცა სვიფტმა $1-მილიარდიანი ზღვარი მხოლოდ მუსიკალური კარიერის წყალობით გადალახა.
30 under 30-ის გამარჯვებულთა შორის ყველაზე მდიდარი TikTok-ის მფლობელი ფირმა ByteDance-ის დამფუძნებელი ჭანგ იიმინგია. წარმოშობით ჩინელი მეწარმის ქონება $63.9 მილიარდადაა შეფასებული, რაც მას მსოფლიოში 26-ე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.
წარმოგიდგენთ 30 under 30-ის ათ უმდიდრეს გამარჯვებულს:
- ჭანგ იიმინგი – $63.9 მილიარდი, ByteDance-ის დამფუძნებელი (2013 წლის 30 under 30)
- ჯონ კოლისონი – $10.1 მილიარდი, Stripe-ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი (2016 წლის 30 under 30)
- პატრიკ კოლისონი – $10.1 მილიარდი, Stripe-ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი (2016 წლის 30 under 30)
- დანიელ ეკი – $8.6 მილიარდი, Spotify-ის თანადამფუძნებელი (2012 წლის 30 under 30)
- ჯასტინ სანი – $8.5 მილიარდი, კრიპტოვალუტა (2017 წლის 30 under 30)
- მელანი პერკინსი – $7.6 მილიარდი, Canva-ს თანადამფუძნებელი (2016 წლის 30 under 30)
- ვლად ტენევი – $6.2 მილიარდი, Robinhood-ის თანადამფუძნებელი (2016 წლის 30under30)
- ჯოშ კუშნერი – $5.2 მილიარდი, Thrive Capital-ის დამფუძნებელი (2017 წლის 30 under 30)
- ლიუ ძიანკანგი – $3.6 მილიარდი, Arashi Vision-ის დამფუძნებელი (2017 წლის 30 under 30)
- პალმერ ლაქი – $3.5 მილიარდი, Oculus VR-ის დამფუძნებელი (2014 წლის 30 under 30)