ბათუმის მერია ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის შექმნას გეგმავს. ახალი უწყების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მშენებლობის ნებართვების გაცემა იქნება.

სამსახურის კომპეტენცია მხოლოდ ნებართვების გაცემით არ შემოიფარგლება. ის ასევე განიხილავს უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ცალკეული ნაწილების ლეგალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ახალი სსიპ-ის ფუნქციებში შევა გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული ესკიზების შეთანხმება, რეკლამის მხატვრული იერსახისა და განვითარების საკითხების განხილვა, ასევე ისტორიული განაშენიანების ზონების რეგულირების დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებზე მუშაობა.

უწყება მონაწილეობას მიიღებს ბათუმის ტერიტორიაზე რეკრეაციული და გამწვანებული სივრცეების, გზების, მოედნების, გზაჯვარედინებისა და ავტოსადგომების დაგეგმარებაშიც. ასევე, მისი ფუნქცია იქნება განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობის მქონე ახალი ან სარეკონსტრუქციო ობიექტების პროექტების, ესკიზებისა და საკონკურსო წინადადებების განხილვაში მონაწილეობა.

პროექტის მიხედვით, სამსახურს შესაძლებლობა ექნება საკუთარი საქმიანობისთვის გრანტებიც მოიზიდოს.

ახალი სსიპ-ის შექმნის შესახებ დადგენილება ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. საკითხი საკრებულოს 21 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.

დადგენილების პროექტის თანახმად, ახალი სამსახურის ხელმძღვანელს ბათუმის მერი დანიშნავს და გაათავისუფლებს. უწყების დაფინანსების წყარო კი იქნება როგორც ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები, ისე მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავლები, მიზნობრივი კრედიტები და გრანტები.

ახალი სამსახურის შექმნის გადაწყვეტილება იმ ფონზე განიხილება, როდესაც აჭარაში მშენებლობის ნებართვების რაოდენობა ბოლო წლებში იზრდება. 2026 წლის პირველ ნახევარში რეგიონში 412 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რომელთა საერთო სანებართვო ფართობი 956 492 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სანებართვო ფართობი 22%-ით გაიზარდა.