„ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მასშტაბი და ტექნიკური შესაძლებლობები შემცირდა.
სახელმწიფო კომპანიის განმარტებით, პროექტის საბაზისო ვერსიის შემდეგ მომზადებული დეტალური პროექტირების პროცესში დამატებითი ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, ბათიმეტრიული, ჰიდროდინამიკური და ნავიგაციური კვლევები ჩატარდა, რის საფუძველზეც ფსკერდაღრმავების, ტალღმტეხისა და შემოსასვლელი არხის პარამეტრები დაზუსტდა. კომპანია აცხადებს, რომ ცვლილებები პორტის პირველი ფაზის ფუნქციურ შესაძლებლობებს არ ამცირებს.
"ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ვრცელდება ტექნიკურად და ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია, თითქოს პროექტის პარამეტრები შემცირდა და პორტის შესაძლებლობები შეიზღუდა. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, წარმოადგენს ფაქტებით მანიპულაციას და მიზნად ისახავს პროექტის დისკრედიტაციას.
ანაკლიის პორტის პარამეტრები არ შემცირებულა. არ შემცირებულა არც მასშტაბი და არც პირველი ფაზით გათვალისწინებული ფუნქციური შესაძლებლობები. Design & Build კონტრაქტის ფარგლებში საბაზისო პროექტის შემდეგ მომზადდა 100%-იანი დეტალური პროექტი, რომლის დროსაც დამატებითი ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, ბათიმეტრიული, ჰიდროდინამიკური და ნავიგაციური კვლევების საფუძველზე დაზუსტდა როგორც ფსკერდაღრმავების, ისე ტალღმტეხისა და შემოსასვლელი არხის პარამეტრები.
არასწორია მტკიცება, თითქოს 17.5-18 მეტრის სიღრმე Panamax-ის ტიპის გემების მიღებას ზღუდავს. აღნიშნული პარამეტრები უზრუნველყოფს როგორც Panamax-ის, ისე უფრო დიდი Post-Panamax-ისა და Bosphorusmax-ის კლასის მაღალი ტვირთამწეობის საკონტეინერო გემების მომსახურებას. ასევე არასწორია 7.5 მლნ მ³ და 5.25 მლნ მ³ ფსკერული მასალის პირდაპირი შედარება. პირველი მაჩვენებელი განისაზღვრა საბაზისო პროექტის ეტაპზე, იმავე საკონსულტაციო-საინჟინრო კომპანიის (საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია Royal HaskoningDHV) მიერ ვის მიერაც განისაზღვრა ასევე საბოლოო - 5.25 მლნ მ³, რომელიც არის დეტალური პროექტირებისა და განახლებული ბათიმეტრიული მონაცემების საფუძველზე დაზუსტებული მოცულობა შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხებისთვის. ამასთან, ნავმისადგომების მოწყობის ეტაპზე დამატებით დაახლოებით 3 მლნ მ³-მდე მასალის ამოღებაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ამ მონაცემებით პორტის "შემცირებაზე" დასკვნის გაკეთება ტექნიკურად მცდარია.
უსაფუძვლო და სრულიად არაკომპეტენტურია მტკიცებაც, თითქოს პროექტის დაზუსტებული პარამეტრები გემების უსაფრთხო მიღებას გაართულებს. შემოსასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აკვატორიისა და ტალღმტეხის პარამეტრები სწორედ ნავიგაციური უსაფრთხოებისა და რეალური ჰიდროდინამიკური პირობების გათვალისწინებით განისაზღვრა.ანაკლია არის მრავალფაზიანი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. სახელმწიფო დღეს აშენებს პირველი ფაზისთვის საჭირო ძირითად საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო Landlord მოდელის ფარგლებში პარალელურად მიმდინარეობს შემდგომი ფაზებისა და გენერალური გეგმის განვითარება, რათა პორტის შესაძლებლობები გაიზარდოს შუა დერეფნისა და რეგიონული ტვირთნაკადების ზრდასთან ერთად.
ანაკლიის პორტი არ მცირდება - ის შენდება და ვითარდება. პირველი გემის მიღება დაგეგმილია 2029 წელს. სახელმწიფოს ამოცანაა საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე, კონკურენტუნარიანი ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც გააძლიერებს ქვეყნის როლს შუა დერეფანში, გაზრდის მის სატრანზიტო შესაძლებლობებს და მოემსახურება საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინტერესებს. ანაკლიის პროეექტზე მუშაობენ მაღალი დონის საერთაშორისო და ასევე ადგილობრივი ექსპერტები. უშუალოდ საზღვაო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კი ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს მსოფლიოში წამყვანი საზღვაო-სამშენებელო კომპანია Jan De Nul, რომელიც ასევე გახლავთ ევროპული ე.წ. ,,დიდი ოთხეულის” წევრი", - წერია სახელმწიფო კომპანიის განცხადებაში.
ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ბელგიური კომპანია Jan De Nul 2024 წლის აგვისტოდან მუშაობს. თავდაპირველად კონტრაქტის ღირებულება 200 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა მოგვიანებით ის 150 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
განახლებული პროექტის მიხედვით, ფსკერიდან ამოსაღები მასალის მოცულობა თავდაპირველად განსაზღვრული 7.5 მილიონი კუბური მეტრიდან დაახლოებით 5.25 მილიონ კუბურ მეტრამდე დაზუსტდა. ამასთან, კომპანიის განმარტებით, ნავმისადგომების მოწყობის ეტაპზე დამატებით დაახლოებით 3 მილიონ კუბურ მეტრამდე მასალის ამოღება იგეგმება.
ასევე შეიცვალა შემოსასვლელი არხის რამდენიმე ტექნიკური პარამეტრი. „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ აცხადებს, რომ განახლებული მონაცემები Panamax, Post-Panamax და Bosphorusmax კლასის მაღალი ტვირთამწეობის საკონტეინერო გემების მომსახურებას უზრუნველყოფს.
პორტში პირველი გემის მიღება 2029 წელს არის დაგეგმილი. პროექტი Landlord მოდელით ვითარდება, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ძირითად საზღვაო ინფრასტრუქტურას აშენებს, ხოლო შემდგომი ფაზების განვითარება ტვირთნაკადების ზრდის შესაბამისად იგეგმება.